logo
ENG



მატროსოვის ციხე იხურება, საჯარო მოხელეებს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ - წულუკიანი

06 აპრ 202012:39
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პირველი მაისიდან ნომერ მე-9 პენიტენციური დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე აღარ იარსებებს. 

წულუკიანის განმარტებით, გასულ წელს იუსტიციის სამინისტრომ ხსენებული ციხის ლიკვიდაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება პატიმრების ინტერესების დაცვით არის განპირობებული, რადგან წულუკიანის თქმით, ე.წ. მატროსოვის ციხის შენობა ცუდ მდგომარეობაშია. 

"მატროსოვის ციხე, მისი შენობა არის ძალიან მოძველებული. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ამას თავად პატიმრებიც იტყვიან. ჩვენ შარშან დავგეგმეთ ამ ციხის ლიკვიდაციის პროცესი, სწორედ პატიმრების ინტერესიდან გამომდინარე. რუსთავში მე-11 და მე-16 პენიტენციურ დაწესებულებებს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ეს კორპუსი არის თანამედროვე სტანდარტის. გუშინ მოხდა ეტაპირება ყველა ბრალდებული თუ მსჯავრდებული, ვინც მატროსოვის ციხეში იყო 2 ეტაპად იქნა გადაყვანილი ახალ კორპუსში და გამოცემულია მარტის ბოლოს მინისტრის ბრძანება, მატროსოვის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც მაისში უნდა დასრულდეს. საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებული. მიგვაჩნია რომ ყოფილი საჯარო მოხელე, რომელი რანგისაც არ უნდა იყოს, ისინი იქნებიან ერთი და იმავე დაწესებულებაში. პირველი მაისიდან ყველა საჯარო მოხელე, თუ პოლიტიკოსი იქნება განთავსებული მე-12 დაწესებულებაში, რომლის ნაწილიც მატროსოვის ციხე გახდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ აღნიშნულ ციხეში იმყოფებოდნენ "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. 


close დახურვა