საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა და რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან ხაზი გაუსვა 9 აპრილის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დღეს გასაგები მიზეზების გამო მემორიალთან ვერ მივიდა.
"ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავე დროს უდიდესი გამარჯვების დღე, რომელიც არ შეიძლება არ გავიხსენოთ. ამავე დროს დღეს 9 აპრილი გაგვითენდა სულ სხვა მდგომარეობაში, საგანგებო მდგომარეობაში დარჩენის, კარანტინის და მთელი საზოგადოება ამ 9 აპრილს ხვდება სხვა განწყობით. მე ვერ მივედი დღეს მემორიალთან და ასევე საზოგადოების დიდი ნაწილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ნაკლებად განვიცდით",-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, იგი ვერც აღდგომის ლიტურგიას ვერ დაესწრება, რადგან საზოგადოებისა და კანონის წინაშე ვალდებულებები აკისრია.
"3 დღეში ბზობაა, 10 დღეში კი აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არცერთი წელი, როცა ეკლესიაში არ მივსულვარ აღდგომის წირვაზე ან თუნდაც რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, თუმცა წელს სხვა ვითარებაა და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამე თუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის რაც არის კანონი და წესი. პრეზიდენტი ამ კუთხით უნდა იყოს სამაგალითო და საზოგადოებას ვერ მისცემს დაუმორჩილებლობის მაგალითს. დარწმუნებული ვარ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება. ეს ერთიანობა დღეს არის მთავარი იარაღი, რაშიც ახლა დიდი ბრძოლაში ვართ ჩართული",-განმარტა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოება, მთავრობა და სამედიცინო პერსონალი დიდი ძალისხმევით მუშაობს, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და ახლა კრიზის შუა ეტაპია. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ჯერ გადარჩენილები არ ვართ. ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ და მთლიანად საზოგადოებამ დიდი სოლიდარობა გამოხატა და სწორედ ესაა ბრძოლის მთავარი იარაღი.
“არ შემიძლია ერთი სიტყვა არ ვთქვა იმ არასერიოზულ, პასუხისმგებლობისგან მოკლებულ პოზიციებზე ზოგიერთი პოლიტიკური ძალებისგან…არც ვიცი, პოლიტიკური არიან ისინი თუ არა. არ შეიძლება ამ პერიოდის გამოყენება, ერთიანობის დარღვევა, ნიშნის მოგებით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და ამით ადამიანების შეცდომაში შეყვანა. ეს არღვევს სოლიდარობას, ერთიანობა, რითაც ჩვენ ხვალ გადავრჩებით”,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
