აგრესიული ტესტირება გრძელდება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ექიმების შემდეგ ტესტირება ჯარში და პოლიციაში გაგრძელდება. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ჟურნალისტები რისკჯგუფში ჯერ არ შედიან, შესაბამისად მათი ტესტირება ამ ეტაპზე არ იგეგმება. აღნიშნულზე ტიკრაძემ მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.
მთავრობის წევრების განცხადებებიდან ასევე ირკვევა, რომ არ იგეგმება უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, ტიკარაძის თქმით გამოყოფილია სუსტი რეგიონები, სადაც საველე ჰოსპიტლები გაიშლება და პაციენტებს გადაიყვანენ მეზობელ რეგიონებში, სადაც უფრო მზად არიან კოვიდ 19-თან საბრძოლველად.
„ჩვენ გამოყოფილი გვაქვს ის სუსტი წერტილები და ესეთი რეგიონები არის რამდენიმე. ასეთი რეგიონების გაძლიერება ,მოხდება, როგორც საველე ჰოსპიტალების გაშლით, ასევე მოხდება პაციენტების გადაყვანა მეზობელ რეგიონებში, სადაც უფრო უკეთესი მდგომარეობა არის საწოლების მობილიზების, სასუნთქი აპარატების და სპეციალისტების მობილიზების მხრივ“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებებს, ჯანდაცვის ექსპერტები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ზომების გამკაცრება ამ ეტაპზე აუცილებელი არ არის, თუმცა სავალდებულოა მკაცრად კონტროლდებოდეს ის თუ როგორ ასრულებენ კლინიკები ჯანდაცვის რეკომენდაციებსა და სავალდებულო რეგულაციებს.
„ის ზომები რაც შემოღებულია იმათი შესრულებაა საჭირო. იწერება პროტოკოლები, გადაეცემა ორგანიზაციებს, მაგრამ ვერ ვხედავთ რამდენად კარგად გაიგეს, რამდენად სრულდება ეს რეკომენდაცია თუ სავალდებულო პროტოკოლი. ამდენად გამკაცრებაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, არამედ შესრულებაზე. მე ვერ ვხედავ საველე ჰოსპიტალების გაშლის საჭიროებას ეს საკმაოდ დიდ ხარჯია და რაც მთავარია ვინ უნდა იმუშაოს ამ საველე ჰოსპიტალში“,-განაცხადა ვატო სურგულაძემ.
ასევე ექსპერტების შეფასებით სახელმწიფომ მაღალი რისკ ჯგუფების ტესტირება დააგვიანა, თუმცა მათივე განცხადებით კარგია, რომ ახლა ტესტირებები უკვე დაწყებულია.
„ძალიან ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი ციფრებს და თუნდაც ერთი განსხვავებული შემთხვევის შემთხვევაში უნდა გავამკაცროთ ზომები. ეს კარანტინის ზომები კარგია, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ იმ კარანტინის ზომების შესრულებაზე რაც გვაქვს. ჩემი აზრით, დღეს გადაწყვეტილება რომ არ გამკაცრდეს იზოლაცია სწორია, მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს. კარგია, რომ გვეღირსა და დაიწყო მაღალი რისკ ჯგუფების ტესტირება, აქ ნამდვილად გვაქვს დაგვიანება და იმედია ეს ძვირად არ დაგვიჯდება“,-აცხადებენ ექსპერტები.
რაც შეეხება საგანგებო რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის გახანგძრლივებას, როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, მთავრობა საკითხს ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად განიხილავს.