logo
ENG



კანონი უნდა მოქმედებდეს პურის რიგში, ბირჟაზე და ეკლესიის ეზოში მდგომებისთვის თანაბრად - საგანგებო რეჟიმის დარღვევა

12 აპრ 202017:01
3 წუთის საკითხავი
 
l5bbijh7k1hrsyg.png

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამის ფონზე ტაძრების მიმდებარე ტერიტორიაზე მრევლის მიერ საგანგებო მდგომარეობის წესები მასობრივად ირღვევა. საუბარია დისტანციის წესის და ასევე, 3 კაცზე მეტი ადამიანის შეკრების დარღვევაზე. 

"ფორმულას" კორესპონდეტის ინფორმაციით, კანონდარღვევის ადგილას ჟურნალისტის გამოჩენამდე პოლიცია არ იმყოფებოდა, თუმცა მოქალაქეები არც მოსვლის შემდეგ დაუჯარიმებიათ. 

მრევლის ნაწილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ისინი დისტანციას იცავენ, მათ შორის ტაძრის ტერიტორიაზე დგანან რიგში, ასევე აქვთ პირბადეები და ხელთათმანები. მათი ნაწილი კი ამბობს, რომ დისტანციის დაცვის თავად მოქალაქეებმა უნდა უზრუნველყონ. 

აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც მომხმარებლების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ყველა მოქალაქეზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს და შერჩევითობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. 

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი "ფორმულასთან" საუბარში ამბობს, რომ მორალური პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე საპატრიარქოს ეკისრება, თუმცა ჟურნალისტი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას. 

"ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, ეს უნდა ვიცოდეთ. სეკულარულ სახელმწიფოში ბუნებრივია ხელისუფლება განსაზღვრავს სახელმწიფო ან საერო კანონებს, და არც ერთ სხვა მნიშვნელოვან ინსტიტუციასაც კი არ აქვს იურიდიული უფლება დაადგინოს საკუთარი თამაშის წესები. თუ დადგენილია და ახლა მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, თუ ამ საგანგებო მდგომარეობის მიხედვით 3 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება არ შეიძლება, დისტანციის დარღვევა არ შეიძლება. შესაბამისად, ეს მოქმედებს ყველაზე - ვინც პურის რიგში დგას, ვინც უბნის "ბირჟაზეა" და ასევე იმ კარგ, მორწმუნე ადამიანებზე, ვინც ტაძრებთან არიან შეკრებილები", - განაცხადა ტაბლიაშვილმა. 

At.ge-ის დირექტორი დიმიტრი სანაია ტაძრების ეზოებში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. იგი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა შეძლოს ეკლესიასთან საუბარი, რომელიც თავის მხრივ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა. 

"კრიტიკა არ ეკუთვნის მხოლოდ საპატრიარქოს, ის ეკუთვნის განსაკუთრებულად ხელისუფლებას, რომელმაც სეკულარულ სახელმწიფოში ვერ შეძლო ის, რომ აღეკვეთა და ეკლესიისთვის მოეწოდებინა, რომ მსგავსი მასობრივი შეკრებები არ დაეშვა. აკრძალული გვაქვს წიგნების გაყიდვა, მაღაზიები დაკეტილია, აკრძალული გვაქვს 9 საათის შემდეგ მაღაზიაში, პურის საყიდლად ჩასვლა, აჯარიმებენ ცოლ-ქმარს, რომლებიც მანქანაში ერთმანეთის გვერდით სხედან, ადამიანებს რომლებიც ერთად ცხოვრობენ და ამასობაში ვხედავთ, რომ ასობით ადამიანი იკრიბება ტაძრებში. სახელმწიფომ ის ჯგუფები, რომლებიც ამ წესებს დაარღვევს და ვირუსის გავრცელების საფრთხეს გაზრდის, ისევე უნდა დასაჯოს, როგორც სხვა ადამიანებს დასჯიდა", - აღნიშნა სანაიამ.  


close დახურვა