logo
ENG



პროტოკოლის ხარვეზი თუ ექიმების შეცდომები - სპეციალისტები ჯანდაცვის სამინისტროს ახალ პროტოკოლს იწუნებენ

12 აპრ 202019:46
3 წუთის საკითხავი
 
1s5g1suegmmmbmp.png

პროტოკოლის ხარვეზი თუ ექიმების შეცდომები? როგორ მუშაობს პრაქტიკაში წესი, რომლის საფუძველზეც, მედიკოსმა პაციენტის ტესტირების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს? - სავარაუდოდ, სწორედ პროტოკოლი გახდა ე.წ. ქობულეთის კლასტერის წარმოშობის მიზეზი, როცა კლინიკაში სასწრაფოთი გადაყვანილი ქალი, იმის გამო, რომ სიმპტომები არ ჰქონდა, სახლში გაუშვეს, მეორე დღეს კი უკვე სხვა კლინიკაში მას ვირუსი დაუდასტურდა. იგივე მოხდა ქუთაისშიც, სადაც ასევე პროტოკოლზე დაყრდნობით, ტესტირება არ ჩაუტარდა ცხელების ცენტრში მისულ კაცს. 

ქუთაისის მცხოვრებმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ცხელების ცენტრს მაღალი ტემპერატურით მიმართა. იმავე ცენტრში ის რამდენიმე დღით ადრეც მივიდა, თუმცა სახლში გაუშვეს. მიზეზად ექიმებმა ის დაასახელეს, რომ პაციენტის ვირუსის სიმპტომები არ ჰქონია. ვირუსის დადგენამდე ის ბაღდათში ჩავიდა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები და 20-მდე თანასოფლელი კარანტინსა და თვითიზოლაციაში არიან. 

სასწრაფოს ხელმეორედ გამოძახების შემდეგ დაუდგინდა კორონავირუსი 60 წლამდე ბათუმელ ქალსაც, რომელსაც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ის სასწრაფომ საავადმყოფოში 4 აპრილს, ღამით, მუცლის ტკივილისა და პირღებინების სიმპტომებით შეიყვანა. პროტოკოლზე დაყრდნობით, მას კორონავირუსის სიმპტომები ვერ აღმოუჩინეს და სახლში გაწერეს. მეორე დღეს ქალი სასწრაფომ სხვა საავადმყოფოში შეიყვანა. ექიმებმა განმარტეს, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ არსებობდა, თუმცა კოვიდის ინფექციაზე იეჭვეს და ქალს ვირუსი დაუდასტურდა. ვირუსი დაუდასტურდა ქალის შვილსაც და მამასაც, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს და მის სამ მეზობელს. თუმცა მანამდე ქობულეთის კლინიკას ქალის მამამ სამჯერ მიაკითხა პნევმონიის დიაგნოზით. კლინიკას მიმართეს მისმა მეზობლებმაც, თუმცა ტესტები ვირუსზე მათ არ ჩაუტარდათ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამ შემთხვევებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შორის გადადებას უკავშირებს.

სავარაუდოდ, პაციენტის არასწორი მკურნალობის გამო დაიკეტა თბილისში ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის რეანიმაციული განყოფილება. კლინიკაში შეყვანილ 80 წლის ქალს გულის ქრონიკული უკმარისობით მკურნალობდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მის მეუღლეს კოვიდ-19 ჰქონდა. ტესტი ქალსაც ჩაუტარდა და ვირუსი მასაც დაუდასტურდა. კლინიკაში განმარტავენ, რომ შესვლისას ქალს კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია. 

სისტემურ პრობლემებზე ლაპარაკობს სპეციალისტების ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ ექიმებს ახალი პროტოკოლის შესაბამისი ტრენინგები არ გაუვლიათ და მისი სათანადოდ შესრულება უჭირთ. ამისთვის სრულ პასუხისმგებლობას ისინი ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებენ. სპეციალისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლი შესაძლოა სხვადასხვანაირი განმარტების შესაძლებლობას იძლეოდეს. 

ახალი პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტრომ 1-ელ აპრილს წარადგინა. მის თანახმად გაფართოვდა პაციენტების წრე, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ექიმების შეცდომებს არ გამორიცხავენ, რადგან პროტოკოლის აღსრულების ხარვეზებს ხედავენ.


close დახურვა