ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით „ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში მის ოჯახს ფინანსური რესურსი მხოლოდ 1 თვის განმავლობაში ეყოფა.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე - რამდენი ხნის განმავლობაში ეყოფა თქვენს ოჯახს ფინანსური რესურსი საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე? – 45%-მა უპასუხა, რომ რესურსი ერთ თვეზე ნაკლებ ხანს ეყოფა, 40%-ს - ერთიდან სამ თვემდე, 8%-ს სამიდან ექვს თვემდე, 7%-ს კი, ექვს თვეზე უფრო მეტ ხანს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, გადასახედების ნაწილის გავადება და ნაწილის შემცირება, ბიზნესის გადასარჩენად აუცილებელია.
„ეს არის ძალიან საინტერესო კვლევა - იგი 100% სიზუსტით ემთხვევა მსოფლიო ბანკის კვლევას საქართველოში სიღარიბესთან დაკავშირებით. მხოლოდ 7% იყო საშუალო ფენა. ჩვენ ვხედავთ, რომ 7% გარდა, მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში. ნებისმიერი მცირე რყევები, ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, აგდებს ღატაკთა კატეგორიაში. გადასახედების ნაწილის გავადება და ნაწილის შემცირება, ბიზნესის გადასარჩენად აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან ეს პროცესი გადაივლის და ბიზნესი ფეხზე ვეღარ დადგება“, - განაცხადა გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია კი მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობისას არსებული შეზღუდების უდიდესი ნაწილი აბსურდულია.
„სწორედ ამიტომ შევთავაზეთ „ევროპულმა საქართველომ“ სრულფასოვნი გეგმა. არ შეიძლება ადამიანებს ლეგიტიმური მიზეზებით უზღუდავდე საკუთარი ოჯახის რჩენას და თან გამოსავალს არ სთავაზობდე. იმ შეზღუდების უდიდესი ნაწილი აბსურდულია. გაუგებარია რა ნიშნით ხდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა ბოკერიამ.
„ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის თქმით, აუცილებელია, თითოეულმა ოჯახმა სახელმწიფოსგან 1 000-ლარიანი დახმარება მიიღოს.
„პირველად ხდება მსოფლიო საგანგებო სიტუაციათა შემთხვევეში, რომ მშიერი ქვეყანა შეაგდეს კარანტინში და უთხრეს, რომ ის სამსახური, რაც გქონდა, მასზეც უარი უნდა თქვა, ხელფასზეც და არსებობაზეც. 1 000-ლარიანი დანამატი ყველა ოჯახს. ეს უნდა გაკეთდეს ამ დღეებში. თანაინვესტირების ფონდში მიტაცებული აქვს ივანიშვილს 7 მილიარდი, საპარტნიორო ფონდში 2 მილიარდში და თვითონ 20 მილიარდი აქვს ჩვენგან წაღებული“, - აცხადებს ნათელაშვილი.
ბიზნესის მხარდაჭერაზე საუბრობს „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე.
„ანტიკრიზისული გეგმა უნდა მოიცავდეს ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისთვის მხარდაჭერას, ასევე საგანგებოს მდგომარეობის დაზარალებულებთათვის სასურსათო და კომუნალური მხარდაჭერისთვის. ასევე ბიზნესისთვის მკაფიო პროგრამისა და გეგმის შეთავაზება, რათა ბიზნესმა პოსტკრიზისულ პერიოდში შეძლოს ამუშავება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.