საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სახელმწიფო დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ პირს შეხება არ ჰქონია საპატრიარქოს შიგნით არავისთან, ის მხოლოდ საპატრიარქოს შენობის გარე პერიმეტრს იცავდა. ამჟამად კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს.
როგორც „ფორმულასთან“ მეუფეები აცხადებენ, დაცვის თანამშრომელს კავშირი შიდა პერიმეტრზე არავისთან ჰქონია.
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, ინფიცირებული ჯარისკაცია, რომელიც შლაგბაუმთან დგას.
„ამ ამბავს ვგებულობ თქვენი, საინფორმაციო საშუალებებიდან. თითონ კავშირი არ მაქვს და ვერაფერს გეტყვით. ეს დაცვის სამსახურის თანამშრომელიც პირობითია. როგორც გავიგე, ეს არის ჯარისკაცი, რომელიც დგას შლაგბაუმთან. მას არანაირი პირდაპირი შეხება არ აქვს არავისთან“, - განაცხადა მეუფემ.
პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო კი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კორონავირუსი დაცვის უფროსსაც დაუდგინდა.
„მე როგორც ვიცი, იქ ითქვა, რომ დაცვის უფროსსაც აქვს, ეს არის სიცრუე. დანარჩენს ვერ გეტყვით“, - განაცხადა მეუფე შიომ.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია „ფორმულას“ სახელმწიფო დაცვის სამსახურში დაუდასტურეს.
ამავე თემაზე: კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი, თბილისის ცენტრალური უბნის ერთ-ერთი ეკლესიის მსახურია. ეს ინფორმაცია "ფორმულას" სასულიერო პირებმა მიაწოდეს.
ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 296 შემთხვევა - აქედან 69 გამოჯანმრთელებულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.