„150 ლარი ზღვაში წვეთია და თან ყველა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეზე არ ვრცელდება“, - ასე აფასებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ხელისუფლების ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ყველა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს 150 ლარიანი კომპენსაცია დაურიგდება.
მისი განცხადებით, ამ სუბსიდირების ფარგლებში 2 მილიარდის დახარჯვა იგეგმება, თუმცა 150 ლარი ამ თანხას ვერ შეავსებს.
გიორგი ვაშაძეს კითხვები კორონავირუსის პრევენციისათვის შექმნილ ფონდში არსებულ თანხებთან დაკავშირებითაც აქვს, მას აინტერესებს რაში აპირებს ხელისუფლება იმ თანხის დახარჯვას, რაც უკვე ფონდის ანგარიშზე არის განთავსებული.
„150 ლარი ზღვაში წვეთია. ყველა მოქალაქეზე არ ვრცელდება და ჯამურად უნდა დაგვითვალოს ხელისუფლებამ რაზე არის საუბარი. მე გავიგე, რომ 2 მილიარდის დახარჯვას აპირებენ და 2 მილიარდს ეს თანხა ვერ შეავსებს. კითხვა მაქვს stopcov ფონდი, რომ არის, ეს თანხა რაში იხარჯება? 100 მილიონი ივანიშვილმა ჩარიცხაო და მთელი ამბავი, რომ ატეხეს რაში იხარჯება ეს თანხა? ელემენტარულად ტესტირების და დიაგნოსტიკის შესაძლებლობა არ გვაქვს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით კი, ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს და საგანგებო მდგომარეობის გამოყენებას პრივილეგიად ცდილობს.
„ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა შეაჩეროს. ჩვენ საწინააღმდეგოს ვხედავთ. მაშინ როდესაც მინისტრი თავისი კაბინეტის რემონტისთვის თანხებს გამოყოფს ამ დროს ეს დანაშაულია და ორმაგი სტანდარტია. ვიღაც ცდილობს პრივილეგიად გამოიყენოს საგანგებო მდგომარეობა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური სუბსიდიის სახით 150 ლარს მიიღებენ. ფულად დახმარებას მიიღებენ ის ბიზნეს ორგანიზაციებიც, რომლებიც თანამშრომლებს შეინარჩუნებენ.
ხელისუფლება, სუბსიდიას განახორციელებს 9 ძირითად საიმპორტო საქონელში, მათ შორის არის: ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო და წიწიბურა.
