მწერალმა პაატა შამუგიამ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ მეუფე იაკობის განცხადებებზე ისაუბრა. პაატა შამუგიას თქმით, ეპისკოპოსი იაკობი ჯვარს კალაშნიკოვივით იყენებს.
„ეპისკოპოსმა იაკობმა, რომელიც დღეს ექიმებისგან ბოდიშს ითხოვდა და რომელზეც ამბობენ რომ ეს ყოფილა ადამიანი, რომელიც 90-იანებში კალაშნიკოვით ხელში დარბოდა, ახლა ეს კალაშნიკოვი მოიხსნა და ჯვარი დაიკიდა, მაგრამ ამ ჯვარსაც კალაშნიკოვივით იყენებს - როგორც ჩანს, ვერ ხედავს სხვაობას ჯვარსა და კალაშნიკოვს შორის. რანაირად შეიძლება ამ ხალხს ჰყავდეს მრევლი? რა საერთო აქვთ ამათ ან სულიერებასთან ან ბიბლიასთან ან ქრისტიანობასთან. როგორ შეიძლება ენდო ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც აქვს მეხუთე კლასელი ძნელად აღსაზრდელი ბავშვის ლექსიკა? მოუსმინეთ იაკობს, მოუსმინეთ იობს, მოუსმინეთ თითქმის ყველა მაღალ იერარქს და ყველა მათგანი საუბრობს როგორც მართლაც მეხუთე კლასელი ძნელად აღსაზრდელი ბავშვი“,-განაცხადა პაატა შამუგიამ.
შეგახსენებთ, მეუფე იაკობი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს პაატა იმნაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს. ბოდიშის მოხდის მიზეზი კი იმნაძისა და გამყრელიძის მიერ მოსახლეობისთვის ეკლესიაში წასვლისგან თავის შეკავებაზე გაფრთხილების მიცემაა.