შინა პატიმრობა, ან მაქსიმუმ ოთხ წლიანი სასჯელი ემუქრება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს, რომელსაც მეზობელი ქალის მკვლელობა ედება ბრალად. აღდგომის საღამოს, ნასვამი პოლიციელის ბრმა ტყვიას მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. აივნიდან გასროლილი რამდენიმე ტყვიიდან ერთი საკუთარ სახლში მყოფ ქალს ფანჯრიდან მოხვდა, ის ადგილზე მოხუცი დედის თვალწინ გარდაიცვალა. ბრალდებულის მეზობლები ყვებიან, რომ სამართალდამცველი დღესასწაულებს სროლით ხშირად აღნიშნავდა. ტრაგედიით დასრულებულ სააღდგომო სუფრას დაკავებულის კოლეგა სამართალდამცველები ესწრებოდნენ, რისი ამსახველი ფოტოც „ფორმულას“ მიერ დეტალების გარკვევის შემდეგ, საჯარო სივრციდან გაქრა.
„ფორმულას“ მიერ მოპოვებული ფოტო, ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელი სხვა პოლიციელებთან ერთად საგანგებო ვითარების მიუხედავად, აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.
საქმეს პროკურატურა იძიებს. იმყოფებოდნენ თუ არა დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში შინაგან საქმეთა სამინსიტროს სხვა თანამშრომლები ,- ამ კითხვით ფორმულამ ორივე უწყებას მიმართა, თუმცა არც ერთი მათგანი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. პროკურატურაში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ დანაშაულის ჩადენის დროს გაბრიაძე ნასვამი იყო.
საქმე 116 მუხლითაა აღძრული - რაც გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ბრალის ოფიციალური დადასტურების შემთხვევაში კი შს სამინისტროს მაღალჩინოსანს, მხოლოდ შინა პატიმრობა ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.