logo
ENG



ვანო მთვარალაშვილი: არსებული რეგულაციები ეკონომიკაზე ცალსახად უარყოფით გავლენას ახდენს

21 აპრ 202012:46
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში ნავთობის ფასის ვარდნას საქართველოშიც ეხმაურებიან. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის წარმომადგენელი ვანო მთვარალაშვილი აცხადებს, რომ მაჩვენებელი, რომელიც ამ დროისთვის ნავთობთან დაკავშირებით ფიქსირდება, ისტორიულია და ბოლო 25 წლის განმავლობაში ნულს ქვემოთ ნავთობის ფასი არ ჩამოსულა.

მისი განცხადებით ბოლოს ასეთი შემთხვევა 1986 წელს იყო. მთვარალაშვილი ამბობს, რომ ეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პროცესების რეცესიის შედეგია. 

ბოლო პერიოდის განმავლობაში საწვავის ფასი 40 თეთრით არის შემცირებული.  ნავთობპროდუქტები იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, ვინაიდან საქართველოშიც ამოიწურება შედარებით ძვირად ნაყიდი ნავთობის მარაგი.

„ნავთობზე მოთხოვნილება შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტოდ დაბალ ნიშნულზეა. პარალელურად ამისა ნავთობის წარმოებასა და მოთხოვნას შორის არის უდიდესი დისბალანსი. იმის გამო, რომ ნავთობზე მოთხოვნა არ არის ფაქტიურად ყველა დიდი ნავთობსაცავი მიმდინარე ეტაპზე გადავსებულია, ეს იქნება საზღვაო ტანკერები, საზღვაო ტერმინალები, თუ სახმელეთო ტერმინალები. მსოფლიო ეკონომიკა მნიშვნელოვნად შენელებულია, მნიშვნელოვანი რეცესიული პროცესებია დაწყებული. ფაქტიურად ეკონომიკური საქმიანობა რიგ უდიდეს ინდუსტრიულ ქვეყნებში არის შეფერხებული. 3 მილიონი ადამიანია კარანტინში და სატრანსპორტო, სახმელეთო გადაადგილება არ ხორციელდება. სწორედ ეს ახდენს გავლენას ამ ყველაფერზე“, - აცხადებს ვანო მთვარალაშვილი.

კითხვაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნიათ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების შედარებით შერბილებას, მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი მიმართვით ხელისუფლებას ვერ მიმართავენ, რადგან ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დიდი რისკები და საფრთხეები არსებობს. 

„არსებული რეგულაციები ეკონომიკაზე ცალსახად უარყოფით გავლენას ახდენს. მაგრამ თუ ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა ამოსავალი წერტილი, მაშინ ჩემი მხრიდან დამატებითი მოწოდებების გაკეთება მართებული არ იქნება“,- განაცხადა ვანო მთვარალაშვილმა.

ისტორიაში პირველად, ამერიკული ნავთობის ფასი უარყოფით ნიშნულზეა. ფასის მკვეთრი ვარდნა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიას და საკარანტინო ზომებს უკავშირდება, რომელთა გამოც საწვავზე მოთხოვნა შემცირდა და მარაგები გადაივსო. თვის დასაწყისში ოპეკის წევრი ქვეყნები მოკავშირეებთან ერთად ნავთობის მოპოვების 10 პროცენტით შემცირებაზე შეთანხმდნენ. 


close დახურვა