logo
ENG



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან მძიმე დაავადების მქონე პაციენტი განიკურნა

22 აპრ 202010:23
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს 2 პაციენტი დატოვებს, მათ შორის 73 წლის მამაკაცი, რომელსაც COVIS-19- თან ერთად მძიმე დაავადება ჰქონდა.

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 30 ანალიზის პასუხიც გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია. გავრცელებული ინფორმაციით ჩატარებულ კვლევებს შორის 15 მედპერსონალის ანალიზია.  

ამ ეტაპზე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

„73 წლის კაცს ჰქონდა მძიმე დაავადება, მაგრამ ანალიზის პასუხი მეორე შემთხვევაშიც მოვიდა უარყოფითი და ვაპირებთ გავწეროთ ორი პაციენტი. 23 ადამიანი მკურნალობს ჩვენს კლინიკაში და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აცხადებს კლინიკის დირექტორი, თემურ ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

17 აპრილიდან აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილებაც.


close დახურვა