
თბილისის მერი გამოდის ინიციატივით, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საკუთარი ავტომობილით გადაადგილება აკრძალული იყოს კვირის ორ დღეს.
კახა კალაძის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული დადებითი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, შესაძლებელია, რომ შაბათსა და კვირას მხოლოდ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს ქალაქში.
„ბოლო პერიოდში დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არის შემცირებული -ეს განპირობებულია აქტივობების დაბალი დონის გამო. აღნიშნული მაჩვენებლები მკვეთრადაა განსხვავებული წინა წლის მაჩვენებლებთან. განსაკუთრებით შემცირებულია აზოტის დიოქსიდის რაოდენობა. როცა დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, მოგვიწევს ცხოვრების სტილის შეცვლა - გართულდება ძველებურად ცხოვრების გაგრძელება. რაღაც რეკომენდაციების შენარჩუნება მომავალშიც მოგვიწევს. გვაქვს ასეთი იდეა - კვირაში ორი დღის განმავლობაში ხომ არ ავკრძალოთ კერძო ავტომობილები და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გვექნება ამაზე ინტერაქტივი და თუ საინტერესო იქნება, რომ შევინარჩუნოთ ეს მონაცემები ეკოლოგიური მონაცემების კუთხით", - აცხადებს კალაძე.
თბილისის მერმა კიდევ ერთი ინიციატივა გააჟღერა - კახა კალაძის თქმით, იმ მეწარმეებსა და კომპანიებს, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეწყვიტეს მუშაობა, არ მოუწევთ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა. მისივე თქმით, გამგეობები ახლადშემოერთებულ სოფლებში მოსახლეობას გაუწევენ დახმარებას სურსათისა და საჭირო პროდუქტის შეძენაში.
„მესმის, რამდენად პრობლემურია და მინდა ბოდიში მოგიხადოთ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არის აუცილებელი. ზარები შემოდის შემოერთებული სოფლებიდან, რომ არანაირი სასურსათო მაღაზია მათ არ აქვთ - გამგეობებს ამის გათვალისწინებით დავალებული აქვთ, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ და მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ, რომ მოახდინონ პროდუქტების შეძენა. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კომუნალურების გადახდაზე - მინდა გავაკეთო განცხადება. რადგან ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო მეწარმეებმა შეაჩერეს საქმიანობა, მერიის საწარმომ, თბილსერვის ჯგუფმა აღწერეს ასეთი კომპანიები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კომპანიებს არ დაერიცოხთ დასუფთავების მოსაკრებელი ამ პერიოდში", - ამბობს კალაძე.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტის გამო, თუმცა აღნიშნა, რომ წესების დაცვა აუცილებელია. მან მოუწოდა საზოგადოებას, რომ დარჩნენ სახლში და არ მოაწყონ რაიმე სახის შეკრებები.
„გაგრძელდა რიგი შეზღუდვები, რაც საჭიროა კოვიდთან საბრძოლველად. ერთსულოვნებამ განაპირობა ის, რომ არ მოხდა აფეთქება. სასწორზე ერთ მხარეს არის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, მეორე მხარეს მოთმინება. მინდა აღვნიშნო მძიმე კვირის მანძილზე გამოვლენილი სამოქალაქო დანაშაული. კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ ერთი კვირით იზღუდება ავტომობილებით გადაადგილება - ორშაბათამდე მხოლოდ საშვებით იმოძრავებენ მანქანები ქალაქში. თბილისი კვლავ კომენდანტის საათის პირობებში გააგრძელებს ცხოვრებას - უნდა დავიცვათ წესები, შეკრებები არის დაუშვებელი. ამდენს იმიტომ ვწვალობთ, რომ ეს სამაგალითო მდგომარეობა იქნეს შენარჩუნებული", - განაცხადა კახა კალაძემ.