საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამშვები პუნქტები - რაზდახანი და პერევი დაიკეტება. გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს" ოპერატიულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა.
Exo Kavkaza-ს თანახმად, დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. პრესსამსახურში განაცხადეს, რომ დე-ფაქტო საზღვარი დაიკეტება "სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციის გამორიცხვის მიზნით".
ალან გაგლოევმა სხდომაზე თქვა, რომ "დასავლეთის ქვეყნების საელჩოები და სადაზვერვო სამსახურები უკვე ღიად აკეთებენ და გააკეთებენ ყველაფერს შესაძლოს, რათა საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში სიტუაცია კონტროლიდან გამოიყვანონ".
"26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ შორის ღია წყაროებიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია რთულდება", - თქვა მან.