logo
ENG



ფარცხალაძეს ნებართვის გარეშეც შეუძლია ფეხებზე დაიკიდოს კანონი - ოპოზიცია საშვის საკითხის გამოკვლევას ითხოვს

27 აპრ 202012:45
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ოთარ ფარცხალაძისთვის საშვის გაცემის საკითხის გამოკვლევას ითხოვენ. ამ თემაზე განცხადება პარტია "ლელოს" წევრმა კახა კოჟორიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანა.

კახა კოჟორიძე აღნიშნულ კონტექსტში სისტემურ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. 

"ბატონი ოთარი ცნობადი სახეა და მაგიტომ გახდა ჩვენთვის ცნობილი ეს ამბავი, თორემ ისე, რომ მასიურად ხდებოდა არასწორად ჩვენი შეფასებით ამ საშვების და ნებართვის გაცემა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ყველა ადამიანს შეეძლებოდა დაენახა მარტივი მოქმედებით. მათ როგორც სჩვევიათ ხოლმე საშვებს გასცემდნენ თავიანთ ნათესავებზე, მეგობრებზე, საძმო-სანაცნობოზე. ვსაუბრობთ სავარაუდო სისტემურ დარღვევაზე. ამ შემთხვევაში მხოლოდ ოთარ ფარცხალაძის დარღვევაზე კი არ მინდა აქცენტი გავაკეთო, აქ მთავარია სისტემა როგორ მუშაობს", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადების შეტანა შინაგან საქმეთა სამინისტროში საკრებულოს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს სურდა, თუმცა მან ეს ვერ შეძლო, ვინაიდან უწყება დაკეტილი დახვდა. მას განუმარტეს, რომ განცხადება დისტანციურად უნდა შეიტანოს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ ფარცხალაძის დაჯარიმების ქვითრის გასაჯაროებას ითხოვს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო არის დაკეტილი. განცხადების შეტანა ფაქტობრივად შეუძლებელია. 3 კანონდარღვევაა სახეზე. ან გამოგვიგზავნონ 3-ლარიანი ფარცხალაძის ქვითარი, რომელიც დააჯარიმეს და განმეორების შემთხვევაში მას 6-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ან მინისტრმა და სამინისტრომ ახსნას, რანაირად ხდება, რომ სხვა ადამიანებს 3-ლარიან ჯარიმას უწერენ მაშინ როდესაც მაგალითად მეუღლე უზის წინ, და ფარცხალაძეს საშვის გარეშეც შეუძლია წინ დაისვას თანმხლები პირი და ფეხებზე დაიკიდოს კანონი", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ნეპოტიზმსა და სისტემურ პრობლემაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძეც. დეპუტატი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ამგვარი ქმედებებით მოსახლეობას აბუჩად იგდებს. 

"ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის, კორუფციის პირობებში "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის ამ უმძიმესი კრიზისის დროსაც კი, ზრუნვის საგნად რჩება არა საზოგადოების ინტერესები, არამედ მისი ცალკეული წევრების, ხელისუფლების ფავორიტი ადამიანების კეთილდღეობა. ეს არის დანარჩენი საზოგადოების აბუჩად აგდება, რომელიც ხელისუფლებამ უმანქანოდ სახლში გამოკეტა, მათი დიდი ნაწილი ამის გამო დატოვა შემოსავლის გარეშე და თითოეულ მათგანს მნიშვნელოვნად გაურთულა ცხოვრება", - აღნიშნა აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გადაადგილების ამსახველი ვიდეო. კადრებში ჩანს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი აკრძალვის მიუხედავად ავტომობილით გადაადგილდება. ვიდეო რუსთაველის გამზირზე, 25 აპრილს არის გადაღებული. "ფორმულას" ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე საშვის გარეშე გადაადგილდებოდა. 

 


close დახურვა