დღეიდან საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პროდუქტზე ონლაინ ვაჭრობაც აღდგა. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ბევრმა ობიექტმა ვაჭრობა ვერ აღადგინა. მაღაზიების მეპატრონეებს მთავრობასთან პასუხგაუცემელი კითხვები დარჩათ. ისინი ამბობენ, რომ მათთვის გაურკვეველია ვაჭრობა ნებადართული მხოლოდ იმ კომპანიებისთვის არის, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ შეამოწმა, თუ ყველასთვის, რომელმაც განაცხადი შეავსო.
„მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გაყიდვა აღდგა, ჩვენთვის გაურკვეველია მაინც ბევრი რამ ამ აღდგენაში. როგორც კი ეს გამოცხადდა, მეც, ჩვენი არაერთი წევრი ორგანიზაცია დამიკავშირდა და მითხრა, რომ მათთვის ბუნდოვანი იყო წესები, რომელიც გამოქვეყნდა. ნათქვამია რომ აღდგება, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია კომპანიებს შევსებული აქვთ, მაგრამ ისინი არ შეუმოწმებიათ“, - განაცხადა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გვანცა ჯობავამ.
მთავრობასთან კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობს "ფიგურას" დამფუძნებელი ნინი კენჭაძე. მას ეკონომიკის სამინისტროდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია, თუმცა ამის მიუხედავად, დღეს ვაჭრობა განაახლა.
„თავიდანვე ეს ფორმა დაიდო თუ არა შევავსე, მაგრამ პასუხი არ მოსულა არც დადებითი და არც უარყოფითი, არც შემოწმება ყოფილა. კომუნიკაცია არ შემდგარა, ამიტომ რადგან ყველასთვის დაშვებული გახდა, ჩვენც დავიწყეთ მუშაობა. დავიწყეთ შეკვეთების შესრულება. იმ თანამშრომლების შენარჩუნება ვინც ჩვენი კონსულტანტები იყვნენ ვერ შევძელით", - აღნიშნა ნინი კენჭაძემ.
კომპანიები ახლა ახდენენ იმის დაზუსტებას, რა ფორმით უნდა მიაწოდონ მომხმარებელს პროდუქცია, რა ფორმით უნდა დაასაქმონ ადამიანები და რა ტიპის აღჭურვილობა სჭირდებათ მიმწოდებლებს.