ნავთლუღისა და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მსგავსად, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, დღეს არც გლდანის ბაზრობა გახსნილა.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ მძიმე სოციალური პრობლემის წინაშე არიან და მთავრობას დახმარებას სთხოვენ.
"ფორმულასთან" საუბარში მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე არიან დარჩენილები, მათ უფუჭდება პროდუქტი, რომლის რეალიზაციასაც ვერ ახერხებენ და მათი დიდი ნაწილი ასევე, ბანკის ვალებზე საუბრობს, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებენ.
ამ თემაზე განცხადება დღეს დედაქალაქის მერმაც გააკეთა. კახა კალაძის თქმით, გაიხსნება ის აგრარული ბაზრები, რომლის ადმინისტრაციაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დააკმაყოფილებს.
„არის ბაზრებისა და ბაზრობების ნაწილი, სადაც ყველაფერია გათვალისწინებული, საუბარია, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, შესაბამისად, სოციალური დისტანცია, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, თვითონ ბაზრის ტერიტორიების დამუშავება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ის ბაზარი, რომელსაც ეს პირობები დაცული აქვს, იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ასევე, ბაზრებით მოსარგებლე ადამიანებისთვის, უპრობლემოდ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ამის მიხედვით იქნება ყველა გადაწყვეტილება მიღებული“,- განაცხადა კალაძემ.