მთავრობის შეუსრულებელი კიდევ ერთი პირობით უკმაყოფილო იყვნენ დღეს ისინი, ვინც ღია აგრარული ბაზრების ამოქმედებას ელოდებოდნენ.
აკრძალვების მოხსნის შემდეგ, დღეს მოვაჭრეებს დახლზე პროდუქციის დაწყობის და სახლში შემოსავლის წაღების მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა სავაჭრო ობიექტების კარი ისევ დახურულია.
ხელისუფლება ხელს ბაზრების ადმინისტრაციისკენ იშვერს, ადმინისტრაცია კი მთავრობისკენ. სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელების თქმით, ხელისუფლებამ ვაჭრობის ნებართვის გასაცემად უმძიმესი წინაპირობები წაუყენა.
ქაოსი და ხალხმრავლობა, შესაბამისად კორონავირუსის გავრცელების მეტი საფრთხე შეიქმნა ბაზრების მიმდებარედ, სადაც გარევაჭრობა წესების დარღვევით მიმდინარეობდა. მთავრობამ მოგვიანებით აღიარა, რომ აკრძალვების შემოღება შესაძლოა კიდევ მოუხდეთ.