logo
ENG



ბრიტანეთი იკვლევს, არის თუ არა კოვიდ-19-თან კავშირში დაავადება, რომელიც ბოლო პერიოდში ბავშვებში დაფიქსირდა

28 აპრ 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

გაერთიანებულ სამეფოში მედიკოსებმა დაიწყეს კვლევა, არის თუ არა კორონავირუსთან კავშირში ანთებითი დაავადება, რომელიც ბავშვებში დაფიქსირდა და მათ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურებმა დღეს განაცხადეს. მათი თქმით, ჯერ ადრეა მტკიცება, არსებობს თუ არა კავშირი ამ დაავადებას და კოვიდ-19-ს შორის და ეს კვლევის საგანია. 

საუბარია ავადმყოფობაზე, რომელიც ძალიან ჰგავს ეგრეთწოდებულ "კავასაკის დაავადებას", რომელიც საკმაოდ იშვიათია და გართულებულ შემთხვევებში, ბავშვებში სისხლძარღვების დაზიანება შეუძლია. ბრიტანეთის მსგავსად, 9 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მომრავლება, ექიმებმა ჩრდილოეთ იტალიაშიც შეამჩნიეს. 

ნიუ-იორკში შეზღუდვების მოხსნაზე მზადების პარალელურად, ქალაქის ჯანდაცვის სამსახურში, მეცნიერები ახალი კორონავირუსის გენეტიკური  მასალის კვლევებზე მუშაობენ, რათა მომავალ თვეებში, ახალი ეპიდემიის წარმოშობის შემთხვევაში მის კვალზე მიყოლა შეძლონ. ანალოგიურ კვლევებს სხვა ქვეყნებშიც აწარმოებენ და საბოლოო შედეგები მონაცემთა გლობალურ ბაზაში იყრის თავს. 

ფრანგმა მეცნიერებმა კი გადაწყვიტეს, ნიკოტინის შემცველი კანზე დასაკრავი საშუალება, დატესტონ. გადაწყვეტილება, კვლევის ჩატარებაზე მას შემდეგ მიიღეს, რაც გაჩნდა ცნობები, რომ შესაძლოა ნიკოტინს დაავადებისგან თავის დაცვაში გარკვეული როლი ჰქონდეს. პარიზის პიტიე-სალპეტრიეს ჰოსპიტალში შენიშნეს, რომ მწეველები ვირუსით ნაკლებად ავადდებოდნენ. რის შემდეგაც ამ ჰიპოთეზის კვლევას მეცნიერები შეუდგნენ. კვლევაში ჩართულებს დღეში 2 დასაკრავს მისცემენ, რომელიც ჯამში 14 მილიგრამ ნიკოტინს შეიცავს. 

ვიდრე სამეცნიერო კვლევა არ დასრულდება, ნიკოტინის რაიმე სარგებელობა დაუდასტურებელია. საფრანგეთმა აკრძალა ნიკოტინის შემცველი პროდუქტის ონლაინ გაყიდვა და შეზღუდა ის აფთიაქებშიც,  რათა მოქალაქეებს ვირუსისგან დაცვაზე ცრუ მოლოდინი არ ჰქონდეთ და ზედმეტი ნიკოტინი არ მიიღონ. ნიკოტინი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის  უდიდეს საფრთხედ რჩება. "თობაქოატლასის" მონაცემებით, მხოლოდ საფრანგეთში, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებებით, წელიწადში 73.000 ადამიანი იღუპება.


close დახურვა