სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუღებელია სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა ასევე გაუგებარია პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან მესამე პრეზიდენტის საჯარო მოხელედ არჩევა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, საქართველო და უკრაინა დიდი ხანია, სტრატეგიული პარტნიორები არიან და მრავალი რამ აერთიანებთ, ამიტომაც, პრეზიდენტისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ვიცეპრემიერად არჩევა უფრო მნიშვნელოვანი იყოს უკრაინისთვის, ვიდრე ქართველ ხალხთან მეგობრობა.
„ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე განიხილავს კანდიდატურას, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამან გამოიწვია ჩვენი - საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების საფუძვლიანი შეშფოთება და მკვეთრი რეაგირება. როგორც სახელმწიფოს მეთაური, კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მიუღებელია სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებსა და საკადრო პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა, ასევე მიუღებელია და ყოვლად გაუგებარია უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანის ნებისმიერ საჯარო პოზიციაზე შერჩევა, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები ფიგურირებს არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების განაჩენში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის ვერდიქტში. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ის მძიმე კორუფციულ დანაშაულებშია ბრალდებული.
დღეს შექმნილ ვითარებას განიცდის ყველა, ვინც ჩვენი ქვეყნების ისტორიასა და ერთად გავლილ უმძიმეს გზას პატივს სცემს და ვისაც აღელვებს ჩვენი სტრატეგიული მეგობრობის მომავალი. მათ შორის ვარ პირადად მე - საქართველოს პრეზიდენტი და ჩემთან ერთად არის საზოგადოების უმრავლესობა. მოვლენების ასე განვითარება კი მხოლოდ მათ შეიძლება სურდეთ, ვისაც საქართველოსა და უკრაინის ურყევ მეგობრობაში ბზარის გაჩენა აწყობთ. ყველაზე მთავარი, რაც ქართველებსა და უკრაინელებს გვაერთიანებს, ესაა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად მიმართული ჩვენი სოლიდარობა და ერთობლივი ძალისხმევა. შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ, რას მოიგებს გზების გაყოფითა და ერთობის დასუსტებით ან საქართველო, ან - უკრაინა.
პირადად მე, არც მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ვარიანტი დასაშვებია. ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა და უგულებელყოს ჩვენი ინსტიტუტები და შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება.
ვწუხვარ ნდობის დეფიციტის გამო, რომელიც უკვე წარმოიშვა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა მინდა ვცდებოდე და ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესები უფრო ღირებული და დასაცავი აღმოჩნდება, ვიდრე ვიწრო პოლიტიკური ამბიციები და გათვლები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოძმე ერების საერთო წარსული, აწმყო და მომავალი ეჭვქვეშ არასდროს დადგება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცეპრემიერის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ შესთავაზა.