„პლაქვენილთან დაკავშირებით იმდენად ურთიერთგამომრიცხავი კვლევები დაიდო, რომ ფაქტიურად უკვე აზრის ჩამოყალიბება გართულდა“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.
როგორც ბუწაშვილმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით კორონავირუსის სამკურნალოდ არცერთი დადასტურებული მედიკამენტი არ არსებობს, ამიტომ მოსინჯვის დონეზე უამრავ სხვა პრეპარატთან ერთად, პლაქვენილიც გამოიყენება.
ინფექციონისტმა იმ მოქალაქეებსაც მიმართა, ვინც მკურნალობისთვის პლაქვენილი მიიღო და აღნიშნა, რომ ნერვიულობის საფუძველი არ აქვთ.
„მართლაც დიდი მითქ-მოთქმა და აურზაური ატყდა ამ მედიკამენტის გარშემო, თუმცა რატომ მხოლოდ ამ მედიკამენეტის, აქაც კითხვის ნიშანი ჩნდება, რადგან უამრავი სხვა მედიკამენტიც გამოიყენება. მინდა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მიიღო პლაქვენილი, ვუთხრა, რომ არ ინერვიულონ. ალბათ ახლა მათ ეშინიათ, რომ რადგან ასეთი ამბავია ატეხილი, რაღაც საშინელება მიიღეს - ეს ასე არ არის. პლაქვენილი კატასტროფა არ არის. გასაგებია, რომ აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენები, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ არის რიგი დაავადებები, რომელთა სამკურნალოდ ამ პრეპარატს ადამიანები იღებენ ძალიან ხანგრძლივად, ვიდრე კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, ზოგჯერ წლებითაც და ეს ადამიანები იტანენ ამ პრეპარატს. რაც შეეხება უფრო კონკრეტულ დეტალებს, იმდენად ურთიერთგამომრიცხავი კვლევები დაიდო, რომ ფაქტიურად უკვე აზრის ჩამოყალიბება გართულდა. არის კვლევები, რომელიც პლაქვენილის დადებით მხარეზე ლაპარაკობს კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისას და არის პირიქით, რომელიც ამბობს რომ არ გააუმჯობესა შედეგი. პარადოქსული კვლევებიც არის, რომელიც ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა გააუარესა. განსაკუთრებით პლაქვენილის და აზიტრომიცინის კომბინაციაზე იყო კვლევები და ეს უკვე მოხსნეს დღის წესრიგიდან. რეალურად, არ გვაქვს დღეს არც ერთი დადასტურებული მედიკამენტი კორონავირუსის სამკურნალოდ. ყველა მედიკამენტი არის მოსინჯვის დონეზე. ყველა კვლევა რაც აქამდე ჩატარდა, ძირითადად უფრო სიმპტომებზე და კლინიკურ მდგომარეობაზე დაკვირვებით არის ჩატარებული და ნაჩქარევია. სანამ არ ჩატარდება კონკრეტული წესების დაცვით კვლევა, საკონტროლო ჯგუფით, საკმარისი ადამიანებით და შესაბამისი თანამედროვე სტატისტიკური ანალიზით, მანამდე სულ ასეთი სპეკულირების საგანი იქნება. როდესაც პაციენტი მძიმდება და არაფერი არ გიჭირავს, არ გაქვს არსენალი, გამართლებულია ექიმისგან, რომ მოსინჯოს სხვადასხვა ალტერნატივები, რომ პაციენტს დაეხმაროს“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სასურველია, პრეპარატის გამოყენება პაციენტების თანხმობით მოხდეს.
შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში მედიკამენტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა და გადაწყდა, რომ პროტოკოლში ცვლილება არ შევა და პლაქვენილს კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ კვლავ გამოიყენებენ.