logo
ENG



კოვიდის დროს, დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით არაჰუმანურია - აშშ-ის ელჩი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

01 მაი 202011:10
3 წუთის საკითხავი
 
lc5cfnlx99kprs6.png

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კელი დეგნანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე ყველა გამოწვევისა და საფრთხის შესახებ. ასევე, აქცენტი გაკეთდა იმ პრობლემებზე, რომელიც ყოველდღიურად ექმნება ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას, უკანონოდ აღმართული მავთულხლართების, ღობეებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გამო.

თავად ელჩმა ადგილზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამერიკა საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია. 

„პირველად მომეცა შესაძლებლობა მოვსულიყავი საოკუპაციო ხაზთან და ნამდვილად ვაფასებ შანსს, რომ მენახა საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი. საკუთარი თვალით ვხედავ მანამდე ამ ლამაზ სოფლებში ერთად მცხოვრები ადამიანების დაშორებით გამოწვეულ ტრაგედიას. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როდესაც ვხედავ, რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები, იმ ხელშეკრულებით, რომელიც ხელმოწერილია მის მიერ.
ვფიქრობ, რომ უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ბორდერიზაციის საკითხები ძალიან შემაშფოთებელია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე აქ მოვედი, რათა მენახა ჩემი თვალით, რა ხდება. განსაკუთრებით კოვიდის დროს, როდესაც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე, დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით არაჰუმანურია. როგორც ვიცი, გადასასვლელები დაიკეტა სექტემბერში, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. გულდასაწყვეტია ამგვარი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ნახვა", - განაცხადა დეგნანმა. 


close დახურვა