logo
ENG



ხელისუფლება თვითონ უწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის მუშაობას - სამადაშვილი

01 მაი 202014:35
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკოსები Facebook-ი​ს მიერ ​რუსული პროპაგანდისტული გვერდების დაბლოკვას ეხმაურებიან. 

მათი შეფასებით, რუსეთის რბილი ძალის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა არა Facebook-ის, არამედ ხელისუფლების საქმე უნდა იყოს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი რუსული პოლიტიკის მსგავს პოლიტიკას ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს და მისი სამიზნე, ხშირად პროდასავლური პარტიებია. 

"საქართველოს ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ ეფექტიანად უპირისპირდებოდეს ამ სტრატეგიას, თვითონვე იგივე სტრატეგიით ებრძვის ოპოზიციას, ქვეყანაში ავრცელებს დეზინფორმაციას და რაც ძალიან სამწუხაროა, რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების სამიზნეები ძალიან ხშირად არიან ერთი და იგივე ადამიანები, ანუ პროდასავლური ოპოზიცია, და სოციალური მოთამაშეები. ხელისუფლება თვითონ ხშირად ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის მუშაობას, იმის ნაცვლად, რომ შეეწინააღმდეგოს მას", - ამბობს სამადაშვილი.

მსგავსი ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი ლანა გალდავა. გალდავა მიიჩნევს, რომ პუტინისტური მედიების არსებობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს. 

"აუცილებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის ინტერესების სფეროში არის ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, დაიწყოს გამოძიება თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. შემდგომ დადოს გამოძიების შედეგები, რომ ასეთი დანაშაულების თავიდან აცილება მოხდა", - განაცხადა ლანა გალდავამ

შეგახსენებთ, რომ Facebook-ი​ რუსული პროპაგანდისტული გვერდების დაბლოკვას აგრძელებს, რომლებიც როგორც საქართველოში ასევე მრავლად ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა კრემლისტური მედია "ნიუსფრონტთან" დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები წაშალა ყველა ქვეყანაში, სადაც Newsfront-ი ოპერირებდა, მათ შორის საქართველოშიც. დღეს ამ მედიის ქართული გვერდი Facebook-ზე აღარ იძებნება, თუმცა კვლავ ხელმისაწვდომი არის საიტი, სადაც პრორუსულ ინფორმაციას ავრცელებენ.

close დახურვა