კორონავირუსით დაინფიცირებული მედიკოსები კოვიდ 19-ის მიმღებ ყველაზე მასშტაბურ ცენტრში. „ფორმულას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ორი გინეკოლოგი და 4 მედდაა დაინფიცირებული. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას ამ დრომდე არ სურს განმარტებების გაკეთება. არადა ქვეყანაში პანდემიის გავრცელების შედეგად 566 პაციენტია და მათ შორის გავრცელების პირველწყარო ბევრია სამედიცინო კლასტერიდან.
ირკვევა, რომ პირველი სამედიცინო კლინიკის მეან-გინეკოლოგის დაინფიცირების წყარო მარნეულიდან გადმოყვანილი ორსული იყო. მაღალი სიცხით კი ექიმი კლინიკაში სამი დღის განმავლობაში დადიოდა, დადებითი პასუხი კორონავირუსზე მას მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ დაუდგინდა. ტესტზე პასუხს ელოდება დაინფიცირებულის კოლეგა და მისი ქმარიც. განყოფილების ხელმძღვანელი კი თვითიზოლაციაშია.
ინფიცირებულმა გინეკოლოგმა „ფორმულასთან" დეტალებზე საუბარი არ ისურვა. ინფიცირებულია ქალის შვილიც, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელია.
კოვიდ 19-ზე ტესტის პასუხს ელოდებიან საუნივერსიტეტო კლინიკის კიდევ ერთი ექიმის შემთხვევაში. ისიც მეინ-გიონეკოლოგია და საეჭვო სიმპტომებით ქმართან ერთად კლინიკაში ელოდება პასუხს. ორივე ექიმი დღის პალატების მორიგეა და სამსახურეობრივი კონტაქტი ქონდათ ერთმანეთთან. მათი ხელმძღვანელი თვითიზოლაციაშია. იზოლირებულები არიან კლინიკის ამ დეპარტამენტის მედდებიც.
მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციის გარკვევას „ფორმულა“ კლინიკის ხელმძღვნელობასთან ცდილობდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, კოვიდ 19 ის მიმღები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცენტრია, ამიტომ მედიკოსებში ვირუსის დადასტურება განსაკუთრებით პრობლემურია. ვთხოვეთ ოფიციალური დადასტურება ან უარყოფა, თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ინფიცირებული ექიმი ამბობს, რომ ის ვირუსის მატარებელია. ლალი ტურძელაძე ამტკიცებდა, რომ მათ კლინიკაში კოვიდ 19 არ დადასტურებულა.
კლინიკაში ინფიცირებულ ექიმებზე საუბარს თავი აარიდეს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში, მკურნალობას 99 პაციენტი გადის. მძიმეა 8 ინფიცირებულის მდგომარეობა.
კორონავირუსი დაუდასტურდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერს. ის თეთრიწყაროდან არის.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან კარანტინის რეჟიმში დღეს 90 ადამიანი გადაიყვანეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში 27 პაციენტის დაუდასტურდა კოვიდ 19. აქედან 13 ბოლნისს უკავშირდება. ერთი თეთრიწყაროს, 2 მარნეულს, 4 საკარანტინო სივრცეებს, დანარჩენის წყაროს მოძიება ახლა ხდება.
მკაცრი კარანტინი შესაძლოა დაწესდეს გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში. თერგვიდან, კარალეთიდან და ფლავშიდან მცხოვრები 80-მდე პირი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. მათ იმ პირებთან ჰქონდათ კონტაქტი, რომლებსაც COVID-19 ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდისგან გადაედოთ.ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ 19-ზე ტესტი ჩაუტარდა 15900 ადამიანს. მათ შორის პერიოდულად იტესტებიან სამედიცინო სფეროს მუშაკებიც. ჯამში რამდენი მედიკოსია ინფიცირებული სტატისტიკა ცნობილი არ არის. დაუზუსტებელი ინფორმაციით მათი რაოდენობა 30-მდეა.