სახალხო დამცველის აპარატი დისკრიმინაციის კანონის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღებიდან დღეს, 2 მაისს ზუსტად 6 წელი შესრულდა.
უწყება ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს:
- სახალხო დამცველმა, როგორც თანასწორობის ორგანომ, კანონის მიღების დღიდან დისკრიმინაციის 800-ზე მეტი ფაქტი განიხილა და მოამზადა 100-ზე მეტი გადაწყვეტილება. მათ შორის, აღსანიშნავია შშმ ბავშვისთვის განათლების უფლების ეფექტური რეალიზების, ორსული ქალის სამსახურში აღდგენის, C ჰეპატატის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულების ჩართვა, სექსუალური შევიწროების საჩივრების მექანიზმების დანერგვის და სხვა არაერთი შემთხვევა.
- სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ კანონის მიღებით მიღწეული პოზიტიური შედეგი თანაბრად არ ვრცელდება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფზე. უარყოფითი წინასწარგანწყობები, სტიგმები და დისკრიმინაციული პრაქტიკები განსაკუთრებით მწვავედ აისახება კონკრეტული ჯგუფების - ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის თუ ლგბტ+ თემის წარმომადგენლების უფლებრივ მდგომარეობაზე,-ნათვამია განცხადებაში.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კანონის მიღების მიუხედავად, საქართველოში თანასწორობის მდგომარეობის მიღწევის მიმართულებით არაერთი გამოწვევა არსებობს. ამ მხრივ კი აუცილებელია:
- დაინერგოს კონკრეტული ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პოლიტიკა;
- მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები;
- კერძო სექტორმა და საზოგადოების სხვა წევრებმა კი დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში მათზე დაკისრებული სამართლებრივი და სოციალური პასუხისმგებლობა გააცნობიერონ.
"დაცვის მექანიზმების შესახებ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირების მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 500-მდე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარეს. საქართველოს სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მუშაობას თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობისთვის საქართველოში", - წერია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
