logo
ENG



კორონავირუსით გარდაცვლილთან გამომშვიდობება ახლობლებმა ვერ შეძლეს - ფორმულას ექსკლუზიური კადრები

02 მაი 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

პროცესიისა და ყვავილების გარეშე, კოვიდ 19-ის მეშვიდე მსხვერპლი მუხათგვერდის სასაფლაოზე დღეს,  დღის 4 საათზე დაკრძალეს. 83 წლის კაცის ცხედარი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდან პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს.

ცერემონიას  მხოლოდ ოჯახის 4 წევრი დაესწრო, თუმცა მათ გარდაცვლილთან გამომშვიდოება და ახლოს მისვლა ვერ შეძლეს. რიტუალი დისტანციისა და სპეციალური წესების დაცვით შესრულდა.

იმ საფრთხის გამო, რომ ცხედრიდან ინფექცია არ გავრცელდეს,  ყველა, ვინც პროცესიაში მონაწილეობს, სპეციალური ეკიპირებითაა

ოჯახის წევრები „ფორმულას" უყვებიან, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკა ინფორმაციას არ აწვდიდათ. გარდაცვლილის შვილი ამბობს, რომ ფატალური შედეგი კლინიკების დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია. სიცხე ოჯახში პირველად მას 25 მარტს დაუფიქსირდა, თუმცა, არცერთმა კლინიკამ ის არ მიიღო. მისგან ვირუსი ოჯახის კიდევ 4 წევრს გადაედო: 2 არასრულწლოვანსა და მოხუც მშობლებს.

კლინიკაში ამბობენ, რომ 83 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა 1 დღეში დამძიმდა. ის მართვითი სუნთქვიდან 2 დღის წინ მოხსნეს, იგეგმებოდა მისი გაწერაც.  ამბობდნენ, რომ სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაში იყო. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკას დღეს დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია.

კოვიდ 19-ით გარდაიცვალა ამავე კლინიკაში დღეს კიდევ ერთი პაციენტი. 72 წლის ქალი კლინიკაში ვირუსის მწვავე ფორმით 14 აპრილს შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის განცხადებით,  მას არაერთი თანმხლები დაავადება ჰქონდა.

ის, რასაც „ფორმულა" გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჰყვებოდა, დღეს დაადასტურა ლევან რატიანმაც. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 2 მეან-გინეკოლოგი, 7 მედდა და 1 სანიტარი კოვიდ 19-ით ინფიცირებულები არიან და ისინი მკურნალობის კურსს ამავე კლინიკაში გადიან. კოვიდ 19 დაუდასტურდა მათი ოჯახის წევრების ნაწილსაც. იზოლაციაშია კლინიკის მედპერსონალის ნაწილი. 

კოვიდ-ვირუსის პიკურ, მეშვიდე კვირას, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიფიცრებული 76 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის კრიტიკულად მძიმეა შვიდის მდგომარეობა. 


close დახურვა