logo
ENG



ლელო ხელისუფლებას მოუწოდებს მედია გადასახადებისგან სულ მცირე 3 წლით გაათავისუფლოს

03 მაი 202017:56
3 წუთის საკითხავი
 

პარტია "ლელო საქართველოსთვის", მედიასაშუალებების გადასახადებისაგან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის.

პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და მოუწოდებენ, შეარბილოს ფინანსური წნეხი მედიაორგანიზაციებზე. მათი აზრით, ფინანსური სირთულეების თავიდან ასაცილებლად, რომელიც კრიზისულ პერიოდს მოჰყვება, მედია, სულ მცირე, 3 წლით უნდა გათავისუფლდეს გადასახადებისგან. 

"საქართველოში რეგისტრირებული მედიასაშუალებების უმეტესობა კრიზისის დადგომამდეც ძალიან მძიმე ვითარებაში იყო და რთულად ართმევდა თავს სხვადასხვა, მათ შორის საგადასახადო, ფინანსურ ტვირთს. უკანასკნელ თვეებში შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ინკასო დაადო არაერთ ეროვნულ თუ რეგიონულ მაუწყებელს, რომელთა შემოსავალი ისედაც ძალიან მწირი იყო.

მეორე მხრივ, ბოლო წლებში, მედიასაშუალებებს ათობით მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერათ, თუმცა ეს პროცესები გაუმჭვირვალედ და ხშირ შემთხვევაში შერჩევითად მიმდინარეობდა. ამ პროცესში განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭებოდათ მსხვილ და ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ მედიასაშუალებებს, ხოლო ყურადღების მიღმა რჩებოდნენ მცირე და მათ შორის რეგიონული მაუწყებლებიც. ამასთანავე, საგადასახადო ამნისტიით არ უსარგებლიათ ონლაინმედია საშუალებებს და რადიომაუწყებლებს“, - განაცხადა "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ.

პარტიის კიდევ ერთი წევრის, სოფიო შამანიდის თქმით, ეს ინიციატივა მიემართება იმისკენ, რომ მედია იყოს თავისუფალი და ხელისუფლებას არ ჰქონდეს ბერკეტი ჩაერიოს მათ სარედაქციო პოლიტიკაში.

„დღესაც, ისევე, როგორც წარსულში, ხელისუფალი ცდილობს, გამოიყენოს სხვადასხვა ბერკეტი იმისათვის, რომ რაღაცნაირად მოირგოს მედია და გახადოს საკუთარ თავზე დამოკიდებული. ჩვენი ეს ინიციატივა სწორედ მიემართება იმისკენ, რომ მედიას არ ჰქონდეს გადასალახი ამგვარი ბარიერები, იყოს უფრო თავისუფალი", - აღნიშნა შამანიდიმ


close დახურვა