logo
ENG



277 მილიონი 17 წელში - სახელმწიფო მართლმადიდებლურ ეკლესიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს

07 მაი 202020:40
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მართლმადიდებლურ ეკლესიას, სხვა რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაციის ხარჯზე. ამას ასკვნის „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“. ანგარიშში რიცხვებშია ნაჩვენები ის უთანასწორო, ფინანსური სარგებელი, რომელსაც საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. დაფინანსების არსებული პოლიტიკა კი სპეციალისტების შეფასებით, რელიგიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციურ შეთანხმებას არღვევს. 2002-2019 წლებში ბიუჯეტიდან ეკლესიაზე გაცემულია 277 მილიონამდე ლარი და 64 კვადრატულ კილომეტრამდე ფართობი.

ამ დროს ხელისუფლება უხეშად ერევა სხვა რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიაში. უთანასწორობის მაგალითი იყო აღდგომის დღესასწაულიც, როცა სხვა რელიგიური ჯგუფებისგან განსხვავებით, აკრძალვებმა და კანონმა საპატრიარქო ვერ შეზღუდა. კრიტიკაზე პასუხად მაღალი იერარქიის სასულიერო პირები დღეს ამბობენ, რომ 25 მილიონი ლარი წელიწადში საკმარისი არ არის. მთავრობა კი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს დაფინანსების და ქონების გადაცემის საკითხები კითხვების საფუძველიც კი არ უნდა გახდეს.

ანგარიშში არსებულ პრობლემებს ეთანხმებიან ევანგელისტური ეკლესიის წარმოამდგენლები. პასტორი ზაალ ტყეშელაშვილის თქმით, სახელწმიფოს საპატრიარქოსთან შინაურული, არაფორმალური ურთიერთობა აქვს, რაც მათ თავისუფლებაზე აისახება. პასტორს მაგალითად პანდემიის პირობებში სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნის უფლება მოჰყავს. 

სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები პრობლემებზე ღიად არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, საპატრიარქო გარკვეულ საკითხებში პრივილეგირებულია. 

კვლევის ერთ-ერთი ინდიკატორი 2014 წელს შექმნილი "რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იყო". ავტორები აცხადებენ, რომ სააგენტო რელიგიის თავისუფლების დაცვას არ ემსახურება. აღნიშნულ უწყებას უნდობლობას სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებიც უცხადებენ.  კვლევას დღეს ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა. ნათია თურნავას თქმით, საპატრიარქოს დაფინანსების და ქონების გადაცემის საკითხები გადასახედი არ არის. 

საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიში „ფრიდომ ჰაუსმაც“ გამოაქვეყნა. ანგარიშში ასევე იყო საუბარი მართლმადიდებელ ეკლესიის უნიკალურ პრივილეგიაზე და სხვადასხვა რელიგიების დისკრიმინაციაზე.


 


close დახურვა