ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ მმართველი გუნდი არსებული სიტუაციის გამოყენებას შეეცდება.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, ოპოზიცია ყველა ღონეს იხმარს, რათა ხელისუფლებამ ვითარებით არ ისარგებლოს და არჩევნების ჩატარების დრო და ფორმატი არ შეცვალოს.
„დროა ლაპარაკი დავიწყოთ იმაზე, რომ დღესვე ვიცოდეთ რა ვითარებაში ვატარებთ არჩევნებს, რომ შემოდგომაზე უცბად არ აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ ვითარებაში არჩევნების ჩატარება მისაღები არ იქნება. ისინი ახლა თვლიან, აწყობთ თუ არჩვნები შემოდგომაზე და იმის მიხედვით იმოქმედებენ. თუმცა, არ უნდა დავუშვათ ოპოზიციამ მთლიანად, რომ ხელისუფლებამ თავის თავზე მოირგოს არჩევნების ჩატარების თარიღი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გავაცოცხლებთ ყველა ფორმატს, რათა არ დავუშვათ, რომ ხელისუფლებამ ისე ჩაატაროს არჩევნები, როგორც მას აწყობს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ აბესაძე კი ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ „ევროპული საქართველოს“ სახელით, რაც შეიძლება მოხსნას არაგონივრული შეზღუდვები და ზოგადად, სწრაფად იფიქროს საგანგებო მდგომარეობის მოხსნაზე ისე, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა არ დავაზიანოთ. ეს ყველაფერი ცხადს გახდიდა, რა პოლიტიკური პროცესი შეიძლება წარიმართოს არჩევნებამდე, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და აუცილებლად უნდა ჩატარდეს იმ შეთანხმების შესაბამისად, რაც ვალდებულებებიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო“, - განაცხადა აბესაძემ.
კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.