logo
ENG



პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

22 აპრ 202015:40
3 წუთის საკითხავი
 
6c65nxhnt80nai4.png

საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 1 თვით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. საგანგებოს გაგრძელების მომხრე 97 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი - 10.

ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ნაწილმა კი, წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორც ხელისუფლების ოპონენტებმა აღნიშნეს, მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა არ აქვს და ამის გამო, საგანგებოს გაგრძელება მათთვის მიუღებელია.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. რაც შეეხება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას, ეს შეზღუდვა 27 აპრილამდე გრძელდება.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის 411 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 5 160 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 579. ვირუსისგან სრულად განიკურნა 98 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათშორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა