ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან შეხვედრისას მედპერსონალის ინფიცირებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ექიმებს გავლილი აქვთ არაერთი ტრენინგი, რომელიც მსოფლიო პრაქტიკასა და ჯანმოს რეკომენდაციებს ეფუძნება. მისივე თქმით, სამინისტრო მედპერსონალის უსაფრთხოებაზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.
„ბევრი საუბრობს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებაზე და არ შემიძლია არ გამოვეხმაურო. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც გაქვთ გავლილი არაერთი ტრენინგი, ჩვენთან ერთად მონაწილეობთ იმ პროტოკოლის შექმნაში და განხორციელებაში ყველა იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ატარებს ტრენინგს თქვენთვის და ჩვენთვის, რომელი პროტოკოლებიც არის სრულიად გაზიარებული და დაყრდნობილი მსოფლიოს პრაქტიკაზე და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებულ ყველა სტანდარტზე. იმისათვის, რომ თქვენ იყოთ დაცულები, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს უსაფრთხოდ, ჩვენი სამინისტროს ვალდებულებაა და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვას, მაგრამ ვთვლი, რომ არასდროს იქნება ეს საკმარისი ყველა იმ თქვენი დამსახურების აღსანიშნავად, რომელიც დღეს გაგაჩნიათ“, - მიმართა ეკატერინე ტიკარაძემ სასწრაფოს ექიმებს.