logo
ENG



Facebook-მა 790 ყალბი ანგარიში წაშალა, რომლებსაც კოკა ყანდიაშვილი მართავდა

05 მაი 202021:12
3 წუთის საკითხავი
clock 3714
jscka0bx1k7wac3.jpg

Facebook-მა ონლაინსივრციდან წაშალა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 790 ყალბი ანგარიში, რომლებსაც, მათი ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილი მართავდა. წაშლილია ყანდიაშვილის პირადი ანგარიშიც.

„როგორც DFRLab-ის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი უფროსი, კოკა ყანდიაშვილი და მისი მეუღლე, თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გაშიფრული სქემის ხელმძღვანელები იყვნენ. მათი ანგარიშები წაშლილია, რადგანაც დაკავშირებული იყო იმ ჯგუფებთან და გვერდებთან, რომლებიც პროსახელისუფლებო და ხშირად ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდნენ ყალბი ახალი ამბების გავრცელებით“, - ამის შესახებ Facebook-ის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

Facebook-ის ინფორმაციით, წაშლილია კოკა ყანდიაშვილის ხელმძღვანელობით მომუშავე ახალი ამბების სააგენტო „ესპერსონა“ და მასთან დაკავშირებული ათობით გვერდი და ჯგუფიც, რომლებსაც რამდენიმე ათასი გამომწერი ჰყავდა.

ჯამში წაიშალა 790 ანგარიში - 511 გვერდი, 122 ჯგუფი, 101 ფეისბუკის და 56 ინსტაგრამის ანგარიში - ყველა მათგანი, ატლანტიკური საბჭოს ინფორმაციით, მართული იყო „ესპერსონას" მიერ. უმრავლესობა კი ერთსა და იმავე დღეს იყო შექმნილი.

ანგარიშები იქმნებოდა სხვადასხვა სამედიცინო მუშაკისა თუ ოპოზიციონერი ლიდერის სახელითაც. ეპიდემიოლოგებისა და ექიმების სახელებით შექმნილი იყო ანგარიშები, რომლებიც, მკვლევართა ვარაუდით, მოგვიანებით დეზინფორმაციის გასავრცელებლადაც იქნებოდა გამოყენებული.

Facebook-ის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ  ყალბი ანგარიშები პროსახელისუფლებო გვერდები და ჯგუფები იყო, რომლებიც ეწეოდნენ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მმართველი პარტიის ოპონენტთა დისკრედიტაციას.

სპეციალურად ამ სქემის ფარგლებში შექმნილი ახალი ამბების სააგენტოების მიერ წარმოებულ კონტენტს, რომელიც უმეტესწილად ანტიოპოზიციური შინაარსის იყო, „ესპერსონასთან“ დაკავშირებული გვერდები და ყალბი ანგარიშები აზიარებდნენ მათივე შექმნილ ჯგუფებში - ამის შესახებ DFRLab-ის კვლევაში ვკითხულობთ.

როგორც მკვლევრები წერენ, ყალბი გვერდებისა და ანგარიშების აქტივობა სოციალურ ქსელში, უმეტესწილად, ჯგუფებში კონტენტის გაზიარება იყო - ისინი განსაკუთრებით აქტიურობდნენ საზოგადოებაში საპროტესტო ტალღების არსებობის დროს. ზოგიერთი მათგან 2019 წლის ივნისისის მოვლენების შემდეგ შეიქმნა და ძირითადი მიზანი სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაცია იყო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Facebook-ის ინფორმაციით ამ ჯგუფებში ხშირად ზიარდებოდა ნიუსები ისეთი სააგენტოებიდანაც, რომლებსაც რუსული დომეინი ჰქონდათ, მაგალითად, Geoposts1.ru და Informaciebia.ru. როცა მომხმარებელი ამ სააგენტოების გვერდზე გადადიოდა, ის ავტომატურად ხვდებოდა ისეთი რუსული სააგენტოების ვებგვერდებზე, როგორებიცაა - Debatnews.ru და todaynewss.ru. ეს ვებგვერდები აქვეყნებდნენ სიახლეებს სენსაციური სათაურებით და განთავსებული ჰქონდათ რეკლამები clickbait შინაარსის საშუალებით ფინანსური წახალისების შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ  ეს Facebook-ის მიერ ქართული ყალბი ანგარიშების წაშლის უკვე მეორე შემთხვევაა - პირველად სოციალურმა ქსელმა ყალბი ანგარიშები დეკემბერში წაშალა, როცა მათ სარეკლამო კომპანია „პანდა“ ხელმძღვანელობდა.


close დახურვა