პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის სახელით შექმნილი შექმნილი ყალბი ანგარიში Facebook-მა წაშალა.
ლევან რატიანის სახელით შექმნილი ყალბი ანგარიში ერთ-ერთი იყო იმ ანგარიშებიდან, რომლებსაც ფეისბუქის ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილი მართავდა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდა.
როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ, DFRLab-ის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სამედიცინო მუშაკების სახელით შექმნილი ანგარიშები პროსახელისუფლებო კონტენტს აზიარებდნენ და მათივე ვარაუდით, შემდგომში დეზინფორმაციის გასავრცელებლად იქნებოდა გამოყენებული.
„კოვიდ 19-თან დაკავშირებული პანდემიური მდგომარეობის გამო ქართული საზოგადოება განსაკუთრებულ ნდობას უცხადებს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე პირებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას ვირუსოლოგიური მდგომარეობის მართვის შესახებ. ეპიდემიოლოგებისა და ექიმების სახელებით შექმნილი იყო ანგარიშები, რომლებიც, სავარაუდოდ, მოგვიანებით დეზინფორმაციის გასავრცელებლადაც იქნებოდა გამოყენებული. წაშლილ ანგარიშთაგან ერთ-ერთი იყო ექიმ ლევან რატიანის სახელით გაკეთებული ანგარიში, რომელიც ყოველდღიურად აწვდიდა აუდიტორიას სიახლეებს კორონავირუსთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ კვლევაში.
შეგახსენებთ, რომ ეს Facebook-ის მიერ ჩატარებული მეორე დიდი წმენდაა ქართულ სოციალურ სივრცეში - წაიშალა რვაასამდე ყალბი ანგარიში, რომლებსაც ფეისბუქის ინფორმაციით კოკა ყანდიაშვილი და მისი სააგენტო „ესპერსონა“ მართავდნენ. წაშლილია ყანდიაშვილისა და მისი ცოლის პირადი ანგარიშებიც.