მმართველ გუნდში Freedom House-ის ანგარიშს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ მოხვდა საქართველო დოკუმენტის კრიტიკულ ნაწილში. „ქართულ ოცნების“ წევრების თქმით, მიმდინარე რეფორმებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან არაერთი დადებითი შეფასება მოჰყვა. მათ ერთ-ერთ მაგალითად სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა მოჰყავთ.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროკავშირის განცხადებით, შეფასებულია „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები სასამართლო სისტემაში, სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა, როგორც მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად სასამართლოს მეტი დამოუკიდებლობისთვის, განვითარებისთვის და მეტი გამჭვირვალობისთვის. შესაბამისად, უცნაურია, რომ ამ ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენციები პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ოფიციალურად გაცხადებულ პრინციპებს სასამართლო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
დოკუმენტში ტექნიკური უზუსტობების არსებობაზე მიუთითებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. ამის ერთ-ერთ მაგალითად მან „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი მოიყვანა.
„იქ საუბარია რამდენიმე უზუსტობაზე და თვალში რაც მომხვდა გეტყვით, მაგალითად ხაზარაძესთან დაკავშირებით, მის მიმართ გამოძიება დაიწყო თუ ბრალი წაეყენა მას შემდეგ, რაც ის პოლიტიკაში წავიდა, რაც ფაქტობრივი უზუსტობაა. ეროვნულმა ბანკმა გაცილებით ადრე გააკეთა განცხადება, გამოძიება გაცილებით ადრე იყო დაწყებული და ამის შემდეგ იყო გარკვეული სამართლებრივი ღონისძიებები გატარებული. დეტალურად არ ვიცი ანგარიში მაგრამ ფაქტობრივი უზუსტობები გვაქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.
„დემოკრატიული ფასადის ვარდნა გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებში“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში „ფრიდომ ჰაუსმა“. დოკუმენტის თანახმად საქართველოში დემოკრატია გაუარესებულია და მისი ქულა 3 მთელ 5 მეათედამდე ჩამოვიდა. 25-გვერდიან ანგარიშში საუბარია ოპოზიციის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე და დაკავებებზე, მაგალითებად კი მოყვანილია მამუკა ხაზარაძის მიმართ ბრალდებები და გიგი უგულავას დაპატიმრება. დოკუმენტში ნახსენებია უვადო მოსამართლეებიც და ნათქვამია რომ პარლამენტში მათ დანიშვნას წინ უძღოდა არასათანადო და არაპროფესიონალური პროცესი. ფრიდომ ჰაუსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მთვრობამ არ შეასრულა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება, რასაც ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი მოყვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ სისტემის შემოღება ქართული ოცნების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსს შეამცირებდა.