logo
ENG



საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაჯარიმებულებს, სახელმწიფოსთვის 20 მილიონ ლარზე მეტის გადახდა მოუწევთ

06 მაი 202020:19
3 წუთის საკითხავი
 

20 მილიონი ლარი ის თანხაა, რომლითაც მთავრობა ბიუჯეტს შეავსებს, - ეს ის ფულია, რა ოდენობის ჯარიმაც ძალოვანმა უწყებებმა კორონავირუსით გათვალისწინებული აკრძალვების დაწესების შემდეგ გამოწერეს. ამ დრომდე 7 ათასზე მეტი პირი თუ ორგანიზაცია დაჯარიმდა, თუმცა ზუსტ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც მალავს.

ხელისუფლების ხისტ და უთანასწორო მიდგომებს მოსახლეობის მიმართ, ძალაუფლების სურვილითა და მოახლოებული არჩევნების წინ გავლენების დემონსტრირებით ხსნიან ბიძინა ივანიშვილის ოპონენტები. იურისტების დიდი ნაწილისთვის კი არაჰუმანური და არაკონსტიტუციურია ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების დასჯა და გაღარიბება პანდემიის მოტივით. 

საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის, 45 დღეში, პოლიციამ 6637 ჯარიმა დაწერა. ამ ადამიანებს სახელმწიფოსთვის ჯამში 20 მილიონი ლარზე მეტის გადახდა მოუწევთ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დაჯარიმებულებს შორის იურიდიული პირებიც არიან, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან მათ სახელმწიფო 15 000 ლარით აჯარიმებს.

სანქციების პროპორციულობას დღეს სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს იურისტების ნაწილი. განმარტავენ, რომ ხელისუფლების მიერ მოქალაქეების სამაგალითოდ დასჯა, მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე გაუმართლებელია. უფლებადამცველებისთვის მიუღებელია ისიც, რომ სასჯელი ერთია - განურჩევლად დარღვევისა. მაგალითად, მოქალაქე შესაძლოა 3 ათასი ლარით დაჯარიმდეს იმ შემთხვევაში თუ კომენდანტის საათამდე სახლში მისვლას, რამდენიმე წუთით დააგვიანებს და მაშინაც თუ საკარანტინე სივრცეს გამიზნულად დატოვებს. 

იურისტები განმარტავენ იმასაც, რომ საქართველოს მსგავსი მკაცრი სანქციები ევროპის ბევრ ქვეყანაში არ არის. მათ შორის არც იქ, სადაც პანდემია სერიოზულ დანაკლისად დაუჯდათ. 

ხისტი და უსამართლო მიდგომის გამო ხელისუფლება დღეს საჯაროდ დაადანაშაულა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ. მან დაჯარიმებულ 7 ათასამდე მოქალაქეს განუმარტა, რომ მათ ამ სანქციების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვთ.

მკაცრი სანქციების უკან, პოლიტიკურ მიზეზს ხედავენ მთავრობის ოპონენტები. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, ხისტი მიდგომებით „ქართული ოცნება“ თავს საარჩევნო წელს, მომგებიან პოლიტიკურ მდგომარეობაში იყენებს. მმართველი პარტია კი სამართალდამცავი უწყებების მუშაობით კმაყოფილია და სანქციების სიმკაცრეს, პანდემიის პრევენციის აუცილებლობით ხსნის. უკმაყოფილო მოქალაქეებს კი ურჩევენ, სასამართლოს მიმართონ. 

დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მოქალაქეებს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კანონი საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გამკაცრდება და ასეთი დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მოქალაქე 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

 


close დახურვა