logo
ENG



27 აპრილიდან ონლაინ ვაჭრობა ნებადართული ხდება, ამუშავდება აგრარული ბაზრებიც

24 აპრ 202014:56
3 წუთის საკითხავი
 

27 აპრილიდან ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრები გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ორშაბათიდან ასევე ონლაინ ვაჭრობაც დასაშვები იქნება.

"27 აპრილიდან ღონისძიების შემსუბუქების პირველ ეტაპს ვიწყებთ და ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპს. 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება. სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურეობა და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. ეს ყველაფერი ეხება იმ დაწესებულებებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებულ წესებს აკმაყოფილებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

რაც შეეხება სხვა ობიექტებსა და დაწესებულებებს, ისინი მუშაობას ეტაპორივად დაიწყებენ. 

"მეორე ეტაპი, ათვლით, სავარაუდოდ, იქნება ორი კვირის შემდეგ. ეს იქნება მშენებლობა. მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალები, ავტოსერვისები და ავტოსამრეცხაოები, სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება, კომპიუტერების და საყოფაცხოვრებო საგნების რემონტი. პირველი, მეორე, მესამე ეტაპი ეს ის საქმიანობაა, რომლებიც, ძირითადად, უკავშირდება ღია საქმიანობას. მესამე ეტაპი, ეს არის საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რაც მნიშვნელოვანია, რომლებსაც გააჩნია დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ეს მნიშვნელოვანია - მესამე ეტაპზე, ფაქტობრივად, ვაჭრობას ვხსნით. იხსნება ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა. მეხუთე ეტაპზე გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი /კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. მეექვსე ეტაპზე კი გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში)", - აღნიშნა გახარიამ. 


close დახურვა