ასრულებს თუ არა "ქართული ოცნება" ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობებს - ამ საკითხით ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ.
"ფორმულას" ინფორმაციით, ამ თემაზე კომუნიკაცია ევროპელ დეპუტატებსა და ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებს შორის უკვე შედგა.
"ევროპული საქართველოს" წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა შეთანხმების ორივე პუნქტი უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება მიღწეულად და შესრულებულად არ ჩაითვლება.
"საკონსტიტუციო შეთანხმება შედგება 2 ნაწილისგან, ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლება, ასევე საარჩევნო პროპორცოიების ნაწილი. როდესაც "ქართული ოცნება" საუბრობს მხოლოდ საარჩევნო პროპორციების ნაწილზე, რომ შეთანხმება სანახევროდ ვერ შესრულდება. არ არსებობს ნახევარი შეთანხმების შესრულება. შეთანხმება ან მთლიანად სრულდება, ან არა. ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის პოზიცია, ამას ადასტურებს ამერიკის და ევროკავშირის საელჩოების განცხადებები, მას შემდეგ რაც ოქრუაშვილს პატიმრობა მიუსაჯეს. ჩვენც და ჩვენი უცხოელი პარტნიორები განვიხილავთ ამ შეთანხმებას მთლიანად", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
იგივე პოზიციას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა. ზოდელავას თქმით, თუ მმართველი გუნდი შეთანხმებას სრულფასოვნად არ შეასრულებს, ისინი შესაბამის პასუხს მიიღებენ.
"დიდი ხანია ამ პოზაში ვერ იქნება "ქართული ოცნება" და მოუწევს რეალური მოცემულობის მიღება, სადაც ის ან შეასრულებს ვალდებულებებს, რომელიც იკისრა ან არ შეასრულებს და მიიღებს შესაბამის პასუხს", - ამბობს ზოდელავა.
შეგახსენებთ, რომ მრავალკვირიანი განხილვების შედეგად ოპოზიციასა და ხელუსუფლებას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა.
