logo
ENG



მიდგომა უსამართლოა - ოპოზიცია და რეფორმების გუნდი მთავრობას მოუწოდებს, ანტიკრიზისულ გეგმას გადახედოს

07 მაი 202012:30
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ნაკლოვანებებზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ ოფისში, სადაც პარტიის წევრები რეფორმების გუნდს ხვდებიან. შეხვედრის მონაწილეები ხარვეზებს ხედავენ მმართველი გუნდის მიერ გასაჯაროვებულ დოკუმენტში, სადაც მოსახლეობისთვის სოციალურ დახმარებაზეა საუბარი და „ქართულ ოცნებას“ საკუთარ მოდელს სთავაზობენ.

„ვიმსჯელებთ მათ ხედვაზეც, „ევროპული საქართველოს“ ანტიკრიზისულ გეგმაზეც, სადაც დეტალურად გვაქვს გაწერილი რა და როგორ უნდა გაკეთდეს ეკონომიკის და ხალხის დასახმარებლად. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობას დავანახოთ სურათი, რომ დღევანდელ რეალობაში შესაძლებელია, რომ დახმარების პაკეტი იყოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ 3 მილიარდ ნახევარზე მეტი, შესაძლებელია, რომ დახმარების პაკეტმა მოიცვას მთავრობის მიერ შეთავაზებული მოსახლეობის ფენების დამატებით კიდევ თითოეული მოქალაქე და შესაძლებელია, რომ მთავრობის შეთავაზებული ზომების გარდა, დამატებითი ეკონომიკის სტიმულირების ზომებიც იქნეს მიღებული“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ანტიკრიზისული გეგმის ხარვეზებზე ისაუბრა ასევე ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიდგომა სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით უსამართლოა.

„ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ დახმარების გარეშე დატოვა ფაქტიურად უდიდესი ნაწილი ადამიანის, რომლებიც დღეს  სიღატაკეში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, რეფორმების ჯგუფმა შეიმუშავა გეგმა, რომლითაც ხელისუფლებას სთავაზობს იმ სამართლიან მიდგომას, რომლითაც მოსახლეობის უდიდესი ფენა არ დარჩება მხარდაჭერის გარეშე. გეგმა მოიცავს, რომ მხარდაჭერა უნდა მიეცეს მოსახლეობის ფართო ჯგუფს“, - განაცხადა ყიფიანმა.

რეფორმების გუნდი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრასაც გეგმავს. ამის შემდეგ შეჯერდება პოზიციები და შესაძლოა, ოფიციალური დოკუმენტი მთავრობას გადაეცეს, რათა მმართველი გუნდი მათ გეგმას გაეცნოს.


close დახურვა