გუდაურში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდება დაუზუსტდა თავად კობიაშვილსაც. მას გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულსაც ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.
„დაბა გუდაურში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მ.კ.-ს ბრალდება დაუზუსტდა. ასევე, მ.კ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარედგინა.
მ.კ.-ს ბრალდება 2020 წლის 06 მაისს, მას შემდეგ დაუზუსტდა, რაც გამოძიების მიერ დაზარალებულ მ.უ.-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იქნა მოპოვებული. მ.კ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან და 108-ე მუხლთან ერთად ბრალდება ძალადობისთვის - 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაც წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, დაბა გუდაურში, გუდაურის ახალ დასახლებაში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.კ.-მ, სრულიად უმიზეზოდ, 19 წლის მ.უ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის დარტყმებით სცემა.
აღნიშნულის შემდეგ, ნაცემმა მ.უ.-მ დასახმარებლად ასაკით უფროს მეგობრებს მიმართა, რომლებთან ერთადაც მ.კ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
განაწყენებული მ.კ. ავტომანქანაში შენახული ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღდა და დაახლოებით 06:00 საათზე, გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე შპს „რედკო“-ს კუთვნილ ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ,,GLOCK 17“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით მ.უ.-ს მეგობრების თ.გ-ს და დ.ს-ს მისამართით განახორციელა გასროლები. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.გ. გარდაიცვალა, ხოლო დ.ს.-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა მისთვის დროული და ინტენსიური სამედიცინო ჩარევის შედეგად.
პროკურატურის მიერ ცალკე სამართლებრივი შეფასება მიეცა მ.კ. -ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. პროკურორის დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმიდან მ.კ. -ს ჯგუფურად ცემის ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე და გამოტანილი იქნა დადგენილება მ.კ.-ს დაზარალებულად ცნობის თაობაზე. მ.კ.-ს ჯგუფურად ცემის ფაქტზე 6 პირს - მ.უ.-ს, დ.ნ.-ს, ლ.ზ.-ს, გ.ბ.-ს, ლ.ბ.-ს და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.