logo
ENG



უნდა მოვთხოვოთ ოცნებას ვალდებულებების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებები არ შესრულდება - ვაშაძე

07 მაი 202014:25
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია იმ შეთანხმების შეუსრულებლობაზე საუბრობს, რომელიც მათ 8 მარტს მმართველ გუნდთან მიაღწიეს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, თუ შეთანხმება სრულფასოვნად არ იქნება შესრულებული, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. 

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ხელოვნურია და მმართველი გუნდი სიტუაციას სათავისოდ იყენებს. 

"არჩევნები კონკრეტულად ამ შემთხვევაში როგორ ჩატარდება ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დადგება იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" ან პანდემია, ან რაიმე სხვა თემა აქციოს არჩევნების მანიპულირების რაიმე საგნად. დაუსრულებელი გაგრძელება ამ საგანგებო მდგომარეობის, ხელოვნურია", - ამბობს ბურჯანაძე.

მის აზრს იზიარებს "ლეიბორისსტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა. გუგავა ფიქრობს, რომ თუ შეთანხმების ყველა პუნქტი არ შესრულდება, ის ჩაშლილად ჩაითვლება. 

"თუ პოლიტპატიმრები არ იქნება გათავისუფლებული, გამოდის, რომ შეთანხმება არის ჩაშლილი და ვერანაირი კონსტიტუციური ცვლილებები ვერ განხორციელდება, არჩევნებიც არ იქნება ლეგიტიმური. ხელისუფლება ჭრის ზუსტად იმ ტოტს, რომელზეც არის", - აღნიშნა გუგავამ. 

შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსთან მუდმივ კონტაქტშია და მათი პოზიცია შეთანხმების პუნქტებთან დაკავშირებით უცვლელია. 

"დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიური კონტაქტი გვაქვს. ისინი არ აპირებენ რომ ის შეთანხმება რომელიც შედგა, რამენაირად შეიცვალოს. გაჭიანურებული შეზღუდვები "ქართული ოცნების" მხრიდან უკავშირდება სწორედ ამას, რომ პროცესები როგორმე მიიყვანოს იქამდე და თქვას, რომ მე კი არ ვარ დამნაშავე არამედ კორონავირუსია დამნაშავე. ამიტომ ვერ ვიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს ეჭვი მიღრმავდება. ყველამ უნდა მოვთხოვოთ "ქართულ ოცნებას" ვალდებულებების შესრულება", - განაცხადა ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია-ხელისუფლების შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა. მანამდე მას შეხვედრის რამდენიმე რაუნდი უძღოდა წინ. შეხვედრები ამერიკის და ევროკავშირის ელჩების ეგიდით ტარდებოდა. შეთანხმებაში პირველი პუნქტი მართლმსაჯულებას შეეხებოდა და მეორე საკონსტიტუციო ცვლილებებს. 


close დახურვა