"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" თბილისის ყოფილი მერის, პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ანალიტიკური დოკუმენტი მოამზადა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დოკუმენტის მიზანია გიგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით.
„გიორგი უგულავა არის გამოკვეთილი ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურა, ვის წინააღმდეგაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში, შესაძლოა, იკვეთებოდეს ხელისუფლების დაინტერესება და შესაბამისად - პოლიტიკური მოტივები. ოპოზიციური პარტიების ბრალდებები, საერთაშორისო პარტნიორთა განცხადებები და საზოგადოებაში არსებული კითხვები, უკვე არის ის მიზეზები, რომელთა გამოც "ადამიანის უფლებათა ცენტრს" მნიშვნელოვანად მიაჩნია აქტიური პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი.
"ბოლო განაჩენით, 2020 წლის 10 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ თბილისის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო გაფლანგვის ბრალდებაში. 2012 წლის „ამნისტიის კანონის“ და ამავე საქმეზე უკვე მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, გიორგი უგულავას სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით
თავისუფლების აღკვეთა.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ზოგადი შეფასებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, საკასაციო საჩივრის განხილვის 6-თვიანი ვადის დარღვევის შემდეგ, გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე საქმის განხილვის უსწრაფესად დაწყება, პოლიტიკური აქტიურობის დროისა და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ახალი ბრალის წარდგენის თანხვედრა, ასევე - სასამართლოს მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, საერთაშორისო პარტნიორების და გავლენიანი უცხოელი მეგობარი პოლიტიკოსების კრიტიკული განცხადებები ბადებს საფუძვლიან ეჭვებს ამ საქმეებში პოლიტიკური მოტივების არსებობის თაობაზე ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მართლმსაჯულების ორგანოების პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებისთვის გამოყენებაზე.
"დღევანდელი მდგომარეობით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კუთხით არსებული გამოწვევების უპირველეს დადასტურებას წარმოადგენს ის კითხვები, რაც მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში
პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეებთან დაკავშირებით არსებობს და რაც
გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებშიც
არაერთი დარღვევის საფუძველია“, - ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია.