უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას ეხმაურება.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა მოულოდნელია, თუმცა დიპლომატიურ საქმიანობაში ჩვეულებრივ ფაქტს წარმოადგენს.
"ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისთვის. ჩვენ გადაკვეთის ბევრი წერტილი და საერთო გამოწვევა გვაქვს. ამავდროულად, ეპიდემიის დამარცხება და ეკონომიკის სტაბილიზაცია ყველა ევროპელის საერთო მიზნებს წარმოადგენს. ეს გამოწვევები უკრაინის ხელისუფლებისგან ახალი მიდგომებისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების ძიებას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას აქვს რეფორმების განხორციელების დიდი გამოცდილება და მიღწევები, რომლებიც მსოფლიოშია აღიარებული. ამიტომ, მოვუწოდებთ ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს, გაითვალისწინონ ეს არგუმენტები. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არ უნდა იყოს დამოკიდებული უკრაინაში რეფორმების განხორციელებაზე. უკრაინა - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენი ხალხის ნებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ყველა მხრივ განვავითაროთ", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტს თავიდან სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სურდა, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
გარდა ამისა, დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.