ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ევროპარლამენტისგან ყვითელ ბარათს იღებს. პანდემიის მიუხედავად, ქვეყნის პარტნიორს არ ავიწყდება ის შეთანხმება, რომელსაც „ქართული ოცნება“ არღვევს. ევროპარლამენტის წევრმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს უმწვავესი წერილით მიმართა.
„ფორმულანიუსთან“ საუბრისას ანდრიუს კუბილიუსმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. მან აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების შესრულება საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესია. „დაკარგულ ნდობას სჭირდება აღდგენა“, - ასე ამბობს ევროპარლამენტარი და აცხადებს, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული ვითარებისა, სავარაუდოდ ივნისის ბოლოს მაინც გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და სწორედ აქედან გამომდინარე ამ პერიოდში საქართველოზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება მოპყრობილი.
ევროდეპუტატმა „ფორმულას“ თვითონ უთხრა, რომ შეთანხმება 2 მთავარი საკითხისგან შედგება. პირველი ეს არის საარჩევნო თემა და მეორე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებია.
„პანდემიის მიუხედავად ყურადღებით ვადევნებთ თვალს, როგორ სრულდება ის შეთანხმება, რისი მიღწევის შემდეგაც, პოზიტიური შეფასებები გავაკეთეთ ევროპარლამენტის წევრებმა. მინდა შეშფოთებით ავღნიშნო, რომ ისევ არის შეკითხვები გარკვეულ სამართლებრივ საქმეებზე. ვხედავთ, რომ ოპოზიციის ლიდერები კვლავაც პატიმრობაში რჩებიან. ჩემს წერილში ყურადღება გავამახვილე ირაკლი ოქრუაშვილზე, გიგი უგულავასა და გიორგი რურუაზე. აღვნიშნე, რომ უნდა იყოს იმპლემენტირებული შეთანხმების ყველა პუნქტი, რაც პირველ რიგში მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა. საჭიროა შეთანხმების დროული შესრულება. ქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს, რომ საუბარია საქართველოს იმიჯზე, საერთაშორისო ნდობაზე და იმაზე, თუ რამდენად მყარია დემოკრატია თქვენს ქვეყანაში. ნდობა იმ შემთხვევაში დაბრუნდება თუ მართველი გუნდი მოახდენს შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას“, -აცხადებს ევროპარლამენტის წევრი, ევრონესტის თანა-თავმჯდომარე ანდრუს კუბლიუსი
„ფორმულა“ დღეს ეროპარლამენტში მწვანეთა პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ვიოლა ვონ კრამონს გაესაუბრა. ის დღევანდელ სიტუაციას აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ აუცილებლად იქნება შესრულებული შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მიაღწია. ის ხაზს უსვამს, რომ ეს შეთანხმება მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა შესრულდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის, დიდი იმედი მაქვს რომ ხელისუფლება შეასრულებს მიღწეულ შეთანხმებას. ახლა ხელისუფლების ჯერია წარადგინოს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი. მოთმინებით ველით შემდეგ ნაბიჯს, მაგრამ ცოტა ხანში საზოგადოება დაინტერესდება კონკრეტული შედეგით. ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწვეტილებასთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ერთი რამ უადავოა, 8 მარტის შეთანხმების ნაწილში წერია, რომ აღარ უნდა ვიხილოთ პოლიტიკურად სენსიტიური საქმეები. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს იმედი მაქვს, რომ კანონის მიხედვით ჯერ კიდევ ესწრება ყველაფერი. ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, როდის გეგმავს პროცესის განახლებას“, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ვონ კრამონმა.
