ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში, სახალხო დამცევლი ანგარიშს აქვეყნებს.
ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის ფარგლებში არაერთი სისტემატური პრობლემა დაფიქსირდა, რომლებიც ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უფლებების დარღვევას იწვევს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყანაში არ არის გზამკვლევი, რომელიც ხელს შეუწყობს ორსულობის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალის მკურნალობას. ამასთან სამედიცინო პერსონალი მუშაობისას ნაკლებად ხელმძღვანელობს ეროვნულ გაიდლაინებში მოცემული რეკომენდაციებით.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე არ ხდება ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. ანგარიშის თანახმად, საჭირო ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობა პრობლემურია როგორც ფსიქიატრიული, ისე სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებისთვის.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქალები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით, არ არიან ჩართულნი დაავადებათა ადრეული გამოვლენის სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში, ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემური კი ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კვლევების მიუწვდომლობაა პრობლემური.
„სამედიცინო პერსონალის, კერძოდ, ექიმი-ფსიქიატრებისა და გინეკოლოგების ცოდნა/ინფორმირებულობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ფსიქოტროპული მედიკამენტების ზეგავლენისა და მათი კორექციის გზების შესახებ, არადამაკმაყოფილებელია. ასევე, მკვეთრად დაბალია პაციენტების/ბენეფიციარების ცოდნა მათი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. მათ არ აქვთ ინფორმაცია დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტების არასასურველი გვერდითი ეფექტების შესახებ, მათ შორის, წამლების ზეგავლენის შესახებ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე“,-ნათქვამია ანგარიშში.