logo
ENG



დავითაშვილი - ონის ჰესებთან დაკავშირებით პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების განცხადებები მოღალატეობრივი იყო

12 მაი 202015:54
3 წუთის საკითხავი
 

ონის ჰესების კასკადთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაცია და უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ყველა ფაქტი, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობისთვის იქნა მიწოდებული, ტყუილი იყო.  

„რაც შეეხება რაჭის კასკადს, ძალიან მიჭირს სიტყვების მოძებნა იმგვარი დეზინფორმაცია და ასევე უპასუხისმგებლო განცხადებები დავინახეთ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელსაც მე ვფიქრობ, მოღალატეობრივიც შეიძლება ვუწუდოთ, რადგან მიმართული იყო მოსახლეობის გრძნობებზე, რაჭის მოსახლეობის, ონის მოსახლეობის და მათი შეცდომაში შეყვანა იყო მიზანი ამ დეზინფორმაციის. ყველა ფაქტი, რომელიც იყო საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობისთვის მიწოდებული, იყო ტყუილი.  

ახლა განვმარტავ, პირველ რიგში იქ საუბარია ფეთქდებოდა მთები და დაიკარგებოდა მდინარე რიონი, რაც ტყუილია. პროექტში არ არის გათვალისწინებული მსგავსი რამ. როდესაც ასობით მეტრიანი კასკადები არსებობს ჰესების შემთხვევაში, 8 მეტრიანი კასკადი იყო წარმოჩენილი ისე, თითქოს იყო დიდი. ეს არის მხოლოდ გარკვეული ბლოკი ამ ჰესის, რომელიც საკმაოდ დიდი გენერაციის საშუალებას იძლევა,  მაგრამ გარემოს დაცვითი ყველა პირობა ჩვენს ნებართვაში ასი პროცენტით არის გათვალისწინებული. როდესაც საუბარი იყო, რომ რამდენიმე წელი იყო გადავადებული და ნებართვა მარტში გაიცაო, ეს იყო რამდენიმეჯერ გადავადებული იმიტომ, რომ შესწავლა მიმდინარეობდა. შესწავლილი იყო ყველა ასპექტი კომპეტენტური ექსპერტების მიერ, რაც არის დაკავშირებული სეისმოლოგიასთან, გეოლოგიასთან და ჰიდროლოგიასთან. ასე რომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ამგვარი მანიპულირებით უბრალოდ უპასუხისმგებლობაა, მაგრამ ცოტა უფრო მეტიც, არამორალური“, - განაცხადა მინისტრმა.

დავითაშვილის განმარტებით, ასევე არასწორია ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მდინარე რიონი მილში მოექცევა ან რაჭაში არსებულ მინერალურ წყლებს საფრთხე შეექმნება.

„რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, საუბარია, მხოლოდ ისეთი ტიპის ინტერვენციებზე ბუნებაში, რომელიც მინიმალურია. რა თქმა უნდა, მდინარე რიონი ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი მდინარეა, რომელიც მოვარდნებითაც ხასიათდება და ჰიდროლოგებს კარგად ესმით, რომ მთლიანად რიონის მილში მოქცევა არანაირად არ იქნებოდა ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი და ეს არც არის გათვალისწინებული. პირიქით, მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და იმ ეკოსისტემას აუცილებლად შევინარჩუნებთ, მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი. ასევე ჰესის აშენებას. ჰესის აშენების პირობაა ასევე ის, რომ მინერალური წყლები, რომლებიც რაჭაშია და რომლითაც რაჭა ამაყობს უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი და არც ერთი სამშენებლო სამუშაო არ უნდა ჩატარდეს ისე, რომ რაიმე ტიპის ზემოქმედება მოხდეს ასეთ წყლებზე. ასე რომ ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, უბრალოდ არის ძალიან უპასუხისმგებლო“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადს სს „ონის კასკადი“, შპს „ფერი“ და თანაინვესტირების ფონდი აშენებს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ორსაფეხურიანი, მდ. რიონის ბუნებრივ ჩამონადენზე (წყალსაცავის გარეშე) მომუშავე ჰესების კასკადის მშენებლობა და ექსპლუატაცია. კასკადის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დამცველები და არასამთავრობო სექტორი აკრიტიკებს. როგორც ისინი აცხადებენ, ჰესის მშენებლობა ადგილობრივ მიკროკლიმატზე უარყოფით გავლენას მოახდენს. საკითხთან დაკავშირებით გუშინ კიდევ ერთი გაცხადება გაავრცელა ადამიანთა უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და მთავრობას მოუწოდა, ჰიდრორესურსების ათვისების აგრესიული პოლიტიკა შეაჩეროს. 


close დახურვა