logo
ENG



8 მარტის შეთანხმება საფრთხეშია - საერთაშორისო პარტნიორები ოცნებისგან პირობების შესრულებას ითხოვენ

12 მაი 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური პატიმრები - ეს ტერმინი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებაში პირველად გაჩნდა. მკვეთრი განცხადების ავტორი სენატორი ჯიმ რიშია. შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ელის - როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლების ასევე საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებაც. რიში ერთადერთი არ არის - ვალდებულებების შესრულებას კონგრესმენი ადამ კინზინგერიც ელოდება. ის წერს, რომ შეთანხმების შესრულება სავალდებულოა. 

მკაფიო გზავნილი ყველამ ერთნაირად წაიკითხა - გარდა „ქართული ოცნებისა". ივანიშვილის გუნდი ისევ ამტკიცებს რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. მმართველმა პარტიამ დღეს რამდენიმე ვიდეო - კომენტარი  გაავრცელა თუმცა მათ შორის თალაკვაძე და კობახიძე არ ყოფილან, დეპუტატები რომლებიც მოლაპარაკებებზე პარტიის ინტერესებს იცავდნენ; და რომლებმაც ელჩებს შეთანხმების დეტალების გასაჯაროება მოსთხოვეს.

როგორც ჩანს, მოლაპარაკების 20 მონაწილიდან შეთანხმება განსხვავებულად მხოლოდ ორმა წაიკითხა, ორივე მათგანი ივანიშვილის თანაგუნდელია. „ოცნებიდან" წამოსული დეპუტატები, თამარ ჩუგოშვილი და დიმიტრი ცქიტიშვილი ადასტურებენ, რომ შეთანხმება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შედგა; სწორედ ამიტომ ჩაიწერა მემორანდუმში პრეზიდენტის როლის შესახებაც. ამასთან, ცქიტიშვილი ეჭვობს, რომ „ქართულ ოცნებას" ცვლილებები არ სურს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე უარის თქმა კი, მხოლოდ საბაბია.

სენატორების, კონგრესმენებისა და ელჩების განცხადება ოპოზიციისთვის იმის დასტურია რომ „ოცნება" ამჯერად მიზანს ვერ მიაღწევს. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ძალა უფლების შენარჩუნება სურს და იმედი აქვს რომ მოქმედი საარჩევნო სისტემით მეტ საპარლამენტო მანდატს მიიღებს.

„ოცნებას" რომ შეუსრულებელი დაპირება ამჯერად ძვირად დაუჯდება, ამას მესამე სექტორიც ეჭვობს. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, შესაძლოა არჩევნების ლეგიტიმაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. რაც შეეხება პარტნიორების განცხადებას პოლიტპატიმრების შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეს არ გაჰკვირვებიათ. ისინი უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ხელისუფლება სამართალს პოლიტიკისთვის იყენებს.

პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. თუმცა „ქართულ ოცნებას" საარჩევნო სისტემის შეცვლის თეორიული შანსი მაინც აქვს. ხელისუფლებამ კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს და ე.წ. ამბოხებული დეპუტატები, ასევე გუნდიდან წასულები შემოირიგოს. ამ შემთხვევაში ისინი საჭირო 113 ხმის მოგროვებას შეძლებენ.


close დახურვა