logo
ENG



მზად ვარ, საგამოძიებო უწყებებს ინფორმაცია მივაწოდო - ხაბეიშვილი კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებს

12 მაი 202022:21
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებს.

გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ ხაბეიშვილმა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ადგილზე სამუშაოებს კომპანია „ჯეო გრუპი“ ასრულებს, საიდანაც კალაძემ არჩევნების დროს 10 ათასობით ლარის შემოწირულობა მიიღო.

გარდა ამისა, ხაბეიშვილის ინფორმაციით, „ჯეო გრუპი“ ის კომპანიაა, რომელმაც აეროპორტის გზაზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა და რომელსაც თავად კალაძეც მკაცრად აკრიტიკებდა. საკრებულოს დეპუტატის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიას დედაქალაქის ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. 

„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 2019 წელს დაიდო ხელშეკრულება. ადგილობრივებმა იცინა, რომ ეს სექტემბერში ან ოქტომბერში უნდა მორჩენილიყო, თუმცა 2020 წლის მაისია და გახსნიდან სამ თვეში აღმოჩნდა, რომ სამი თვის განმავლობაში ჭები არ არსებობდა, პირდაპირ იყო გადაგებული გზა. ფაქტობრივად ახლა ხელახლა ხდება გადათხრა. აქ სამუშაოებს ასრულებს „ჯეო გრუპი“, რომელიც არის პირადად კახი კალაძის დამფინანსებელი, რომელმაც საარჩევნო კამპანიის დროს 10 ათასობით ლარი შესწირა კალაძეს. ამ კომპანიამ მოიგო ეს ტენდერი და როგორ ასრულებს სამუშაოებს ხედავთ. ჯერ ვადებში ვერ ჩაეტია, შემდეგ დაავიწყდათ ჭების დამონტაჟება და ახლა მთელი სახელმწიფო მანქანა გვიმტკიცებს, რომ ეს ნორმალურია. თურმე გზას რომ დააგებენ, მერე უნდა ათხარონ და გააკეთონ ჭები.  ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებთან არის დაკაშირებული და მინდა გითხრათ, რომ გარდა იმისა, რომ ეს კომპანია კახი კალაძის შემომწირველია, ეს არის კომპანია, რომელიც აეროპორტის გზაზე აწარმოებდა სამუშაოებს, მათ შორის სათადარიგო გზა არის ამ კომპანიის გაკეთებული და შეგიძლიათ ამოიღოთ კალაძის განცხადებები მთავრობის ერთ-ერთი სხდომიდან, სადაც მუჭებს აბრახუნებს, რომ კახეთის გზატკეცილის სათადარიგო გზა, ამ კომპანიამ გააკეთა უხარისხოდ ამაში ბიუჯეტიდან გადავიხადეთ 15 მილიონი ლარი და სთხოვს თავის მოადგილეებს, კომპანიას დაავალეთო, რომ ეს სასწრაფოდ შეაკეთოსო. „ჯეო გრუპს“ სახელმწიფოდან უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ას მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში სამუშაოებისთვის მიწა შემოაქვს კომპანია "ლაგს", რომლის ხელმძღვანელის და რუსუდან ბეჟანიშვილი მერის ადმინისტრაციაში მუშაობს. მისივე თქმით, აღნიშნული კომპანია ყოველგვარი დასკვნის გარეშე მიწას ვაზიანიდან, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტერიტორიიდან ჭრის, თუმცა დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მიწა წალკიდან შემოაქვს.

„ხვალ მთავრობის სხდომაა და კალაძეს მინდა მოვუწოდო, მიწას, რომელსაც ხედავთ ჭავჭავაძეზე დაყრილს, ძირითადად ქალაქში მიწის შემომტანი არის კომპანია „ლაგი“, რომლის ხელმძღვანელის დაც მუშაობას მერის ადმინისტრაციაში. ეს არის რუსუდან ბეჟანიშვილი,  რომლის ძმაც იღებს მერიიდან ათეულობით მილიონ ლარს, მოაქვს მიწა ქალაქში, ოღონდ პრობლემა იმაშია, რომ ვითომ წალკიდან მოაქვს, იქედან აქვს დასკვნა და სინამდვილეში მოაქვს ვაზიანიდან. ნახევარი მიწა ვაზიანის, არის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, რომელსაც ჭრის ეს კაცი. ჯერ თავდაცვის სამინისტროს მიწებს ჭრის, მერე ლაბორატორიული დასკვნის გარეშე მოაქვს თბილისში და გაჭირვებული მოსახლეობის ათეულობით მილიონ ლარს, პირდაპირი მნიშვნელობით იდებენ ჯიბეში. მე მოვითხოვ, რომ ხვალ კალაძემ პასუხი გაგვცეს. დედაქალაქში მიწა რომ იყრება ვაზიანიდან მოჭრილი და არანაირი დასკვნა არ დევს, ვითომ წალკიდან რომ მოაქვთ, სულელები ხართ თუ ხაბეიშვილის გარდა ვერავინ ხედავს, რომ ათეულობით მილიონი ლარის ხაფანგია დაგებული? და თქვენი მაღალი თანამდებობის პირები ამაში ბრალდებულები არ არიან?“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

საკრებულოს დეპუტატი მზად არის, საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლოს და მათ ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია მიაწოდოს.

„მე რასაც ვსაუბრობ, მზად ვარ საგამოძიებო უწყებებს კონკრეტული დოკუმენტაცია მივაწოდო. ეს ყველაფერი არის წმინდა წყლის კორუფცია. ჩვენი, თბილისელების ხარჯზე მდიდრდება ეს კაცი. მზად ვარ საგამოძიებო უწყებებს მივაწოდო შესაბამისი ინფორმაცია. ცოტა თვალებიდან გამოიხედეთ და ჯიბის გასქელების ნაცვლად, მიხედეთ ხალხს", - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.


close დახურვა