შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების მიერ წარმოდგენილ, 3 ტრილიონიანი დახმარების პროექტს, სენატში წინააღმდეგობა ხვდება. სტიმულირების პაკეტი, დემოკრატების თქმით კორონავირუსის პანდემიის პირობებში შტატებს, ბიზნესებს და ოჯახებს უნდა მოხმარდეს. თანხის დიდმა ნაწილმა ხელი უნდა შეუწყოს სამსახურების დაკარგვის თავიდან აცილებას. კანონპროექტს სავარაუდოდ კენჭს პარასკევს უყრიან.
ამერიკის მოქალაქეების რაოდენობა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიიით გაუარესებულ ეკონომიკურ ვითარებაში, უმუშევრობის დაზღვევა მოითხოვა, 33 მილიონია. დემოკრატების მიერ წარმოდგენილი პროექტი კოვიდ 19-ის ტესტებისთვის 75 მილიარდ დოლარს, თიოეული ამერიკელისთვის კიდევ ერთხელ 1 200$-იან დახმარებას და მცირე ბიზნესისთვის 10 მილიარდიან გადაუდებელ გრანტებს ითვალისწინებს. დემოკრატების ინიციატივას კმაყოფილებით არ შეხვედრიან სენატში. რესპუბლიკელები ახალი დახმარების საჭიროებას ჯერ ვერ ხედავენ. ნენსი პელოსი კი ამბობს, რომ შიმშილი და ბინის ქირა პაუზას არ ითვალისწინებს.
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ისრაელში ჩავიდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ბენ გურიონის აერპორტში მაიკ პომპეო ამერიკის დროშის ფერებით მოხატული ნიღბით გამოვიდა და დამხვედრ პირებს შორიდან მიესალმა ისე, რომ ხელი არავისთვის ჩამოურთმევია. პომპეოს აეროპორტში არ დახვედრია ამერიკის ელჩი, რომელიც შეუძლოდ იყო და უთხრეს, აეროპორტში არ მისულიყო. კოვიდ 19 და ირანის საკითხი ამ ოფიციალურ ვიზიტზე განსახილველი მთავარი თემებია. პომპეოს არ გაუშვია შანსი ხელიდან, გაეკრიტიკებინა ჩინეთი, რომელსაც ამერიკის ადმინისტრაცია პანდემიის შეუჩერებლობაში ადანაშაულებს.
შეერთებული შტატების დამოკიდებულებას დღეს ჩინეთში კიდევ ერთხელ უპასუხეს. პეკინმა გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ თუკი ჩინეთში ამერიკული ინვესტიციებს ხელს შეუშლიან, ეს თავად ინვესტორებს დააზარალებს.
რამდენიმე ქვეყანასთან სასაზღვრო კონტროლს 16 მაისიდან აუქმებს გერმანია. შეთანხმებას ბერლინმა მეზობელ შვეიცარიასთან, საფრანგეთთან და ავსტრიასთან მიაღწია. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საზღვარზე კონტროლის შემსუბუქება იტალიასთან ჯერ ადრეა.