logo
ENG



სენატორები რიში და შაჰინი: ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას

16 მაი 202010:13
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ჩვენ მივესალმებით დღევანდელ შეწყალებასა და ბატონი ოქრუაშვილისა და ბატონი უგულავას ციხიდან გათავისუფლებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის, რომელიც შეცვლის საარჩევნო სისტემას და შეწყვეტს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში. დღევანდელი გათავისუფლება მძლავრ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც მუშაობდა და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც პროგრესის მიღება შესაძლებელი იქნება. მას შემდეგ, რაც მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაგრძობს, ჩვენ ველით საარჩევნო სისტემაში შეთანხმებულ ცვლილებებს. ასევე ველით ერთ-ერთი მედიასაშუალების მფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში ცრუ ბრალდებით დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.


close დახურვა