გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებენ, რომ დიდი ალბათობით ისინი იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, პირველ რიგში მოხდება ოლქებზე შეთანხმება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეჯერებას.
„მაღალი ალბათობით ვიქნები მაჟორიტარი, თუ შევჯერდებით ოლქებზე. სად ვიქნები კანდიდატი, მე ჯერ ამაზე არ მიფიქრია, ლოგიკურია ვიყო მაჟორიტარი", - ამბობს გიგი უგულავა.
ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია შეჯერდება საერთო მაჟორიტარებზე და თავადაც იქნება ერთ-ერთი მათგანი.
„საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მოლაპარაკებები უკვე აქტიურ სამუშაო პროცესშია მოლაპარაკებები, ვიქნები მაჟორიტარი, ოღონდ სად, ამას შემდეგ გეტყვით", - ამბობს ოქრუაშვილი.
ოპოზიცია რომ საერთო მაჟორიტარებზე შეჯერდება, ამას ადასტურებენ „ევროპულ საქართველოშიც“. ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პიროვნებებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ოპოზიცია ნამდვილად წარადგენს საერთო კანდიდატებს.
„მაჟორიტარებზე მოხდება შეჯერება - გვარებზე საუბარი ნაადრევია. სადაც საჭიროა ეს ივანიშვილის დასამარცხებლად, იქ მოხდება", - აცხადებს გიგა ბოკერია.
„ლეიბორისტულ პარტიაშიც“ ადასტურებენ, რომ ოპოზიციაში არსებობს შეთანხმება საერთო მაჟორიტარების შესახებ, თუმცა ჯერ გვარებზე საუბარი ნაადრევია.
„მაჟორიტარულ ბლოკზე უკვე შეთანხმებული ვართ, რომ ერთმანეთს დავუჭერთ მხარს და არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას, რომ დარჩენილი მაჟორიტარებით გაიხსნას სასუნთქი არხი", - განმარტავს შალვა ნათელაშვილი.
„რესპუბლიკურ პარტიაში“ კი ამბობენ, რომ ჯერ ოლქების რაოდენობის ცოდნაა საჭირო - როგორც დავით ბერძენიშვილი განმარტავს, შესაძლოა ზოგიერთ ოლქში რამდენიმე ოპოზიციონერი კანდიდატიც იყოს.
„საბოლოო გადაწყვეტილება იქნება იმის მიხედვით, ნამდვილად 30 ოლქი გვექნება თუ არა. პარტიების ნაწილი მიიღებს კოორდინაციაში მონაწილეობას სრულად, ვიღაცები ნაწილობრივ" - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერიც ადასტურებს, რომ ოპოზიციაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები მაჟორიტარებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით.
„ვსაუბრობდით მაჟორიტარებზე შეთანხმებაზეც - ახლა უკვე უფრო აქტუალური ხდება, რადგან დრო იწურება. უახლოეს მომავალში იქნება მოლაპარაკებებიც ამ საკითხთან დაკავშირებით", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი კი აცხადებს, რომ მაჟორიტარებზე მოლაპარაკებამდე მნიშვნელოვანია, სრულად შესრულდეს რვა მარტის შეთანხმება და გათავისუფლდეს გიორგი რურუაც.
„აუცილებელია რურუას გათავისუფლება, რომ მოხდეს საარჩევნო ცვლილებებზე ოპოზიციის თანხმობა. ამას პრინციპულად ვაყენებთ. მაჟორიტარულ ოლქებზე გვქონდა საუბარი და ალბათ ერთ-ორ კვირაში ყველა პარტია ჩამოყალიბდება" - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართა - მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ოპოზიცია რჩება ერთიანი და ადასტურებენ, რომ პოლიტპატიმრების სრულად გათავისუფლების გარეშე რვა მარტის შეთანხმება სრულად არ იქნება შესრულებული. გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკანონმდებლო განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს.
